რუსეთის სტატისტიკის ფედერალურმა სახელმწიფო სამსახურმა საბოლოოდ შეწყვიტა ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების ამსახველი მონაცემების გამოქვეყნება.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამ კვირაში გავრცელდა მაისის თვის ანგარიში ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელშიც "დემოგრაფიის" განყოფილება არ არის. ეს მონაცემი არ იძებნება არც "როსსტატის" საიტის შესაბამის განყოფილებაში - სადაც ბოლო განახლება მარტში განხორციელდა. საქმე ეხება მონაცემებს მოსახლეობის ზრდასა და კლებაზე, შობადობაზე და სიკვდილიანობაზე, მიგრაციაზე და საერთო რაოდენობაზე.

მაისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მომუშავე დემოგრაფებს პირადი ხელმოწერით შეუძლიათ მოიპოვონ ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს ცნობა გაავრცელა დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რომელიც მანამდე ამახვილებდა ყურადღებას "როსსტატის" მხრიდან მიგრაციის და მოსახლეობის საერთო რაოდენობის, ასევე რეგიონებში შობადობის და სიკვდილიანობის მონაცემების გამოქვეყნების შეწყვეტაზე. რაკშას მხრიდან ამ განცხადებებით გამოსვლიდან მალევე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი სახელი დაუმატა "უცხოეთის აგენტების" რეესტრს.

radiotavisupleba.ge