ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ დროული და ძლიერია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უკრაინამ ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღო. რუსეთის იმედების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა არ შესუსტდება. რუსული აქტივები იმობილიზებული რჩება, ევროპა -ერთიანი და ძლიერი“, - წერს სიბიგა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალიც.

„ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, ევროპის უსაფრთხოებაში სტრატეგიული ინვესტიციაა. ის აძლიერებს უკრაინის მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფუნდამენტურ პრინციპს: რუსეთმა აგრესიის საფასური უნდა იწვნიოს“, - წერს შმიგალი.

თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული რჩება და რეპარაციების სესხზე მუშაობა გრძელდება, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით.

„უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა. უკრაინის გაძლიერებით, ევროპა აძლიერებს შეკავების ძალას, სტაბილურობას და მის გრძელვადიან უსაფრთხოების არქიტექტურას“, - აცხადებს შმიგალი.

ინტერპრესნიუსი