რუსეთი იგებს ომს უკრაინაში, ამიტომ ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“წერს.

გამოცემის ცნობით, „საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის აღშფოთებული პროტესტი ამ სასტიკ ფაქტს ვერ შეცვლის“.

როგორც „ტელეგრაფი“ წერს, ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ, შეიმუშაონ ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, თუმცა „პუტინი ომს იგებს და ის კარნახობს სამშვიდობო პირობებს“.

„სწორედ პუტინის ჯარები დაუნდობლად მიიწევენ წინ და მისი რაკეტები ანადგურებენ უკრაინის ელექტროქსელს. ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ, შეიმუშაონ ყველა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა, რომელიც მათ სურთ, მაგრამ ერთადერთი ხმა, რომელსაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, პუტინის ხმაა“, – წერს „ტელეგრაფი“.

ამასთან გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, რომ შეთანხმება, რომელსაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ იუტკოფი ვლადიმერ პუტინთან განიხილავს, დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს შეუქმნის მის სუვერენიტეტს.

„პუტინისთვის პირობების დაწესების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა, მაგრამ უკრაინამ ეს ვერ შეძლო, მიუხედავად უზარმაზარი და გმირული მსხვერპლისა, რომელსაც მხარს უჭერდა დასავლეთის ასობით მილიარდი დოლარის დახმარება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თებერვლიდან მოყოლებული, პირდაპირ ამბობდა, რომ ომის გაგრძელება აზრს მოკლებული იქნებოდა და ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უკრაინელებს კონტინენტის უსაფრთხოებისთვის ბრძოლისა და სიკვდილისკენ მოუწოდებს, ამავდროულად, განუწყვეტლივ უარს ამბობს რუსული ნავთობისა და გაზის სრულად სანქცირებაზე“, – წერს „ტელეგრაფი“.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინას 50 მილიარდი ევროს ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უშედეგო აღმოჩნდა კაია კალასის მცდელობები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ახალი 40 მილიარდი ევროს ნაღდი ფულის მოზიდვის შესახებ.

„ცოტა ხნის წინ ევროპელებმა ასევე უარი თქვეს რეპარაციული სესხის გაცემაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი კარგავს სანდოობას, ფულს და ხალხს“, – წერია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, ევროპა ეწინააღმდეგება პუტინის სამშვიდობო გეგმას, მაგრამ არ აქვს საკუთარი რეალისტური ალტერნატივა, სახსრები ან იარაღის მარაგი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად.

1tv.ge