რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 23 ივნისს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

„უზრუნველყოფილ იყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანოების მზადყოფნა, რომლებიც მიმართული იქნება შავი ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი კერების არსებობის ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონებისთვის რეკომენდებულია მოაწყონ მოსახლეობის ინფორმირება ჭირის პრევენციის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის ეპიდემიოლოგიური ჩვენებების მიხედვით იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.

ვრცელდება ცნობები, რომ მონღოლეთში, მათ შორის რუსეთთან საზღვართან, შავი ჭირის 137-მდე ბუნებრივი კერაა აღმოჩენილი.