საქართველოში კომუნალური გადასახადები თვეში საშუალოდ 73.79 დოლარს შეადგენს. Numbeo-ს მეთოდოლოგიით, ეს თანხა დათვლილია 85 კვ.მ საცხოვრებელ ბინაში თვის განმავლობაში ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და ნაგვის საშუალო ხარჯების მიხედვით.
კომუნალური გადასახადების რეიტინგში, რომელიც 127 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო ბოლო მონაცემებით 82-ე ადგილზე მოხვდა. ამ რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებს სომხეთი და რუსეთი, აზერბაიჯანსა და თურქეთში კი კომუნალური ხარჯები უფრო დაბალია.
უფრო კონკრეტულად, სომხეთში (53-ე ადგილი) კომუნალური გადასახადები თვეში საშუალოდ 121 დოლარს აღწევს, რუსეთში (55-ე ადგილი) 114 დოლარს. ეს კი მაშინ, როცა თურქეთში (90-ე ადგილი) კომუნალური ხარჯები თვის ჭრილში საშუალოდ 65 დოლარს აღწევს, აზერბაიჯანში (93-ე ადგილი) კი 60 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს, Numbeo-ს თანახმად, 127 ქვეყანას შორის კომუნალური ხარჯები ყველაზე მაღალი ავსტრიაშია და საშუალოდ 384 დოლარს აღემატება, ყველაზე დაბალი კი ირანშია და დაახლოებით 15 დოლარს აჭარბებს.