დონალდ ტრამპის ოჯახის ფინანსურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში კრიპტოაქტივები სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი იკავებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტრამპებმა არა მხოლოდ გაზარდეს პირადი პორტფელები, არამედ დააფუძნეს ახალი კომპანიები, მიიღეს მრავალმილიონიანი შემოსავლები და გლობალურ პოლიტიკაში კრიპტოინდუსტრიის ყველაზე ხმაურიანი და გავლენიანი მხარდამჭერები გახდნენ.

გასათვალისწინებელია, ოჯახის წევრები ტოკენების მსხვილი პაკეტის მფლობელები არიან, რაც ქაღალდზე მათ კრიპტომილიარდერებად აქცევთ, თუმცა ტოკენების გაყიდვაზე შეზღუდვები არსებობს და სიმდიდრის რეალიზება მთლიანად ბაზრის დინამიკაზეა დამოკიდებული, ამიტომ ქონებასთან დაკავშირებით რამის დანამდვილებით თქმა, რთულია.

ტრამპის ვაჟები, დონალდ უმცროსი და ერიკი, ამავდროულად ჩართულნი არიან მაინინგკომპანია American Bitcoin-ში, რომელმაც ბირჟაზე გასვლისთანავე მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაცია დააფიქსირა. ამასთან, ტრამპის შვილები ერთდროულად რამდენიმე სხვა კრიპტოინიციატივაში არიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა, კრიპტოაქტივების და სტებილკოინების ემიტენტი World Liberty Financial-ი, რომლის თანაუფუძნებლები დონალდ უმცროსი, ერიკი და ბარონ ტრამპი არიან.

პარალელურად, ტრამპის შვილები კონსულტაციებს უწევენ სხვა კომპანიებს, რომლებიც DeFi-სა და ციფრული აქტივების სფეროში ოპერირებენ, რის სანაცვლოდ საკომისიოს სახით კომპანიების წილებს იღებენ.

ამავე დროს, კრიპტოინდუსტრია ტრამპის პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მთავარი დონორია, რადგან წინასაარჩენო პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით დონაციები ტრამპმა სწორედ კრიპტოინდუსტრიიდან მიიღო.

გარდა ამისა, NFT-პროექტების გამოშვებიდან მიღებული მილიონები და ტრამპის სახელთან დაკავშირებული მიმკოინები ცხადყოფს, რომ კრიპტო მისთვის არა მხოლოდ ბიზნესი ან პოლიტიკა, არამედ პირადი სამყაროცაა, სადაც ყველაზე გავლენიანი ფიგურა დედამიწაზე ამჟამად სწორად პრეზიდენტი ტრამპია.

ტრამპის ვაჟები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კრიპტო ამერიკულ დოლარს დაეხმარება და ამერიკას ციფრული აქტივების ცენტრად აქცევს. სწორედ ამიტომ, ტრამპისთვის კრიპტოინდუსტრიის გაძლიერება ერთდროულად ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი ინტერესის სფეროა.

ტრამპი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული კრიპტოინდუსტრიასთან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კრიპტოენთუზიასტებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს. ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლე 3.7 მეტრს აღწევს და ხელგამოშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს სთავაზობს. როგორც ამ ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და იმ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინი ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს.

დღეს ტრამპის ოჯახი კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში. პირადი ინვესტიციები, შვილების მიერ წამოწყებული კომპანიები და საარჩევნო კამპანიის დონაციები ქმნის ერთიან ეკოსისტემას, სადაც ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადახლართული. ეს სინერგია, ერთი მხრივ, აჩქარებს კრიპტოაქტივების ინტეგრაციას ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოშობს კითხვებს ეთიკისა და გამჭვირვალობის შესახებ, რადგან პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესინტერესები პირდაპირ არის დაკავშირებული მარეგულირებელ სისტემასთან, რომელზედაც ტრამპს უდავოდ დიდი გავლენა აქვს.

მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ჩვენთვის უცნობია, თუ რეალურად რა მოცულობის კრიპტოაქტივებს ფლობს ტრამპის ოჯახი და რამდენად გამდიდრდნენ ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კრიპტოაქტივების წყალობით, ტრამპმა ერთ წელიწადში უფრო მეტი ფული იშოვა, ვიდრე მისმა ყველა სხვა ბიზნესმა ჯამურად მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი სტატისტიკაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კრიპტომილიარდებოამდეც ტრამპი ისტორიაში ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი იყო.

bm.ge