საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინპისის“ მიერ შეგროვებული მონაცემებით, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ფარგლებში ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების 40-მდე პროცენტს სულ რაღაც 1%-იანი სეგმენტი იღებს, რომელშიც უმდიდრეს ბენეფიციარები შედიან. ევროკავშირის სუბსიდიების უდიდეს ნაწილს მდიდარი მიწათმფლობელების მცირე ჯგუფი და ინდუსტრიული მწარმოებლები ითვისებენ.
ორგანიზაციის განცხადებით, „გრინპისის“ ევროპული ოფისის ახალი კვლევა - „ვინ ითვისებს ფულს?“ - ცხადყოფს, რომ ევროკავშირის ექვს ქვეყანაში, ევროპის ზოგიერთი უმდიდრესი ადამიანი სოლიდურ დახმარებას იღებს.
გარემოსდამცველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება ნიდერლანდებში, სადაც CAP-ის სუბსიდიების 40%-ს ბენეფიციართა მხოლოდ 1% იღებს. ექვსივე ქვეყნის მასშტაბით, სუბსიდიების ორ მესამედს ბენეფიციართა 10% ითვისებს, ხოლო დაახლოებით ოთხ მეხუთედს - 20%.
„გრინპისის“ საბერძნეთის ოფისის პროგრამის ხელმძღვანელი, მირტო პისპინი ამბობს: „საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ხარვეზების გამო, სუბსიდიები მდიდრებისკენ მიედინება, მაშინ როცა ისინი, ვისაც ეს რეალურად სჭირდება - გაკოტრების პირას მყოფი ფერმერები, მცირე აგროეკოლოგიური მეურნეობები და მდგრად პრაქტიკაზე გადასვლის მსურველები - საკმარის მხარდაჭერას ვერ იღებენ“.
„უთანასწორობის წახალისებას, ბუნების განადგურებას და სურსათის წარმოების გრძელვადიანი მდგრადობისთვის ძირის გამოთხრას არავითარი აზრი და ლოგიკა არ გააჩნია. მომდევნო CAP-ს სასწრაფოდ ესაჭიროება რეფორმები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს მოემსახურება და არა ისედაც მდიდარი მიწათმფლობელების ჯიბეების კიდევ უფრო გასქელებას“.
თავის განცხადებას „გრინპისის“ ბერძნული ოფისი ასრულებს ქვეყნის მთავრობისადმი მოწოდებით:
● აღმოფხვრას ის დიდი უსამართლობა, რომელიც სუბსიდირების არსებული სისტემის საფუძველია;
● უზრუნველყოს, რომ დახმარებამ იმ მოქალაქეებამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება - მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მცირე ფერმერებამდე და იმ პირებამდე, ვინც უკვე ნერგავს ან გეგმავს აგროეკოლოგიური მდგრადი პრაქტიკის დანერგვას;
●შეიმუშავოს გეგმა, რომელიც რეალურად გააჯანსაღებს და დაიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას საბერძნეთში ისეთი მოდელის მეშვეობით, რომელიც მდგრადი, სამართლიანი და ახალი კლიმატური რეალობისადმი მედეგი იქნება.
წყარო: ბერძნული საინფორმაციო სააგენტო „ათენი-მაკედონია“ (AMNA), 1 არხი