ამერიკული კომპანია Rocket Lab-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბეკი, Forbes-ის მილიარდერთა სიას შეუერთდა. გამოცემის შეფასებით, Rocket Lab-ში ბეკის 10%-იანი წილის ღირებულება $970 მილიონს აღწევს, დამატებით $65 მილიონი კი, ბიზნესმენმა წელს, კომპანიის აქციების გაყიდვიდან გამოიმუშავა.

Rocket Lab-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც კოსმოსურ ხომალდებსა და რაკეტებს საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესისთვის აწარმოებს. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მისმა კვარტალურმა შემოსავალმა რეკორდულ $135 მილიონს გაუტოლდა. მხოლოდ მიმდინარე წელს 300%-ით გაიზარდა Rocket Lab-ის აქციების ღირებულებაც და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.

კომპანიის აქციების ღირებულების რეკორდული ზრდა, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასა და სამომავლო გეგმებს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ, Rocket Lab-მა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Neutron-ის გაშვება დააანონსა, რომელიც კომპანიამ SpaceX-ის Falcon-ის რაკეტებთან კონკურენციის მიზნით შექმნა.

პიტერ ბეკი 47 წლის ინჟინერია, რომელმაც Rocket Lab-ი 2006 წელს დააარსა. პირველი კომერციული რაკეტა კომპანიამ კოსმოსში 2009 წელს გაუშვა. მას შემდეგ, Rocket Lab-მა ორბიტაზე 197 პატარა კოსმოსური ხომალდიც გაუშვა.

Rocket Lab-ი საფონდო ბირჟაზე, სპეციალური დანიშნულების შესყიდვათა კომპანიასთან (SPAC) თანამშრომლობით, 2021 წლის აგვისტოში დაილისტა. ამჟამად, ამერიკული კომპანია $4.1 მილიარდადაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ SpaceX-ზე მცირე ზომისაა, ბეკი Rocket Lab-ის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მას მზარდ კოსმოსურ ინდუსტრიაში სერიოზულ კონკურენტად ხედავს.

forbes.ge