შვეიცარიის მთავრობის, პარლამენტის და სახელისუფლებო უწყებების დიდი ნაწილის ოფისები ქალაქ ბერნშია განთავსებული, მიუხედავად იმისა, რომ ბერნი, ოფიციალურად, არ არის შვეიცარიის დედაქალაქი. მას მხოლოდ „ფედერალური ქალაქის“ სტატუსი გააჩნია.

თუ უცხოელებს ჰკითხავთ, რომელია შვეიცარიის დედაქალაქი, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ციურიხს ან ჟენევას დაასახელებენ. ეს პასუხები სულაც არ არის საღ აზრს მოკლებული, რადგან ციურიხი ყველაზე დიდი და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შვეიცარიული ქალაქია, ხოლო ჟენევა საერთაშორისო ორგანიზაციების ცენტრია.

თუმცა, ისინი ცდებიან. ასევე ცდებიან ისინიც, ვინც შვეიცარიის დედაქალაქად ბერნს ასახელებს! მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის, პარლამენტის, ფედერალური კანცელარიის და ფედერალური ადმინისტრაციის დიდი ნაწილის ოფისება ბერნშია განთავსებული, ის მაინც არ წარმოადგენს შვეიცარიის დედაქალაქს. ეს იმიტომ, რომ შვეიცარია არის შვეიცარია და სხვას არავის ჰგავს, - ანუ რთულ, ისტორიულად დამკვიდრებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არის შვეიცარიის დედაქალაქის განსაზღვრება ასეთი უჩვეულო, შორეულ წარსულში, შვეიცარიის შექმნის საწყის პერიოდში უნდა გადავინაცვლოთ.

1291 წლის შემდეგ, ქვეყანა რამდენიმე კანტონის შეერთების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომლებიც თავისუფალ ალიანსში გაერთიანდნენ. XVIII საუკუნის ბოლომდე, შვეიცარიის კონფედერაციას არ ჰქონდა პარლამენტი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული კანტონების გაერთიანებას, რომელიც მტკიცე ერთობით არ გამოირჩეოდა, შვეიცარიას გააჩნდა ტაგსატცუნგი (Tagsatzung) - კანტონების წარმომადგენელთა კონგრესი.

მისი სხდომები მორიგეობით ტარდებოდა სხვადასხვა ქალაქში: ლუცერნში, ციურიხში, შვიცში და განსაკუთრებით ხშირად - ფრაუენფელდსა (თურგაუს კანტონი) და ბადენში (აარგაუს კანტონი). საინტერესოა, რომ ისინი ასევე იმართებოდა ისეთ ადგილებში, რომლებიც, კონსტანცის მსგავსად, კონფედერაციის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა.

1798 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის ჯარები შვეიცარიაში შეიჭრნენ. ძველი კონფედერაცია ჩაანაცვლა ჰელვეციის რესპუბლიკამ - ცენტრალიზებულმა უნიტარულმა სახელმწიფომ, რომელიც ფრანგულ მოდელზე იყო დაფუძნებული.

მისი არსებობის ხუთი ტურბულენტური წლის განმავლობაში, ქალაქები აარაუ, ლუცერნი და ბერნი თანმიმდევრობით ასრულებდნენ დედაქალაქის ფუნქციას. თუმცა, ასეთი მდგომარეობით კმაყოფილი არავინ იყო.

წესრიგის დასამყარებლად, 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტემ ძველი კანტონების საზღვრები აღადგინა და შექმნა ახალი კანტონები, როგორიცაა ვო და არგაუ.

19 კანტონისგან შექმნილ კონფედერაციას მუდმივი დედაქალაქი არ ჰქონდა: ექვსი ქალაქი - ფრიბური, ზოლოტურნი, ბაზელი, ბერნი, ლუცერნი და ციურიხი - მონაცვლეობით ასრულებდა ამ ფუნქციას თითო წლის განმავლობაში.

ისტორიკოსი ანდრე ჰოლენშტაინი ბერნის უნივერსიტეტის გამოცემა „Unipress“-ში წერს, რომ 1815 წლიდან, დედაქალაქის სტატუსი, ყოველ ორ წელიწადში, მონაცვლეობით გადადიოდა ციურიხს, ბერნსა და ლუცერნს შორის, რაც ხშირ ადგილმონაცვლეობას, ნაკლებ ეფექტურობას და უფრო მწვავე დისკუსიებს ნიშნავდა.

ნამდვილი შვეიცარიული კომპრომისი

1848 წელს დაარსდა თანამედროვე შვეიცარია, როგორც ფედერალური სახელმწიფო. 1847 წლის ზონდერბუნდის ომის შემდეგ ლიბერალურ კანტონებში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის ფედერალური ხასიათის შესანარჩუნებლად, ნამდვილი შვეიცარიული კომპრომისი იქნა მიღწეული.

1848 წლის 28 ნოემბერს, ფედერალურმა პარლამენტარებმა, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, კენჭისყრის პირველ ტურში, ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელად ბერნი აირჩიეს.

რატომ ბერნი? მიზეზებად დასახელდა მისი ცენტრალური მდებარეობა და ფრანგულენოვანი კანტონების მხარდაჭერა. ამასთან, ქალაქმა ფედერალური შენობებისთვის საჭირო მიწა უფასოდ გამოყო, რაც ჭკვიანური ნაბიჯი იყო.

ფედერალური კონსტიტუციის 108-ე მუხლის შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები სხვადასხვა დიდ ქალაქში გადანაწილდა. მაგალითად, ფედერალური სასამართლო ლოზანაში გადავიდა, ფედერალური სისხლის სამართლის სასამართლო - ბელინცონაში, ხოლო შვეიცარიის ეროვნულ ბანკს ოფისი აქვს ციურიხსა და ბერნში.

მას შემდეგ ბერნს „ფედერალურ ქალაქს“ უწოდებენ, თუმცა, ეს ტერმინი ფედერალურ კონსტიტუციაში არ არის დაფიქსირებული. ასეთი ჩანაწერი მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებობს. კერძოდ, მის შესახებ ინფორმაციის ნახვა ფედერალური კონსტიტუციის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე შეიძლება.

ანდრე ჰოლენშტაინი აცხადებს, რომ დედაქალაქის არჩევისგან თავის შეკავებით, ფედერალური პარლამენტარები კონსერვატიული კათოლიკური კანტონების განწყობას ითვალისწინებდნენ. „ბოლოს და ბოლოს, ასეთი კანტონები ძალით შეიყვანეს ახალ სახელმწიფოში, რომელსაც ისინი პოლიტიკურად, კულტურულად და ემოციურად უარყოფდნენ“.

ასეთი სტრატეგია, როგორც ჩანს, წარმატებული აღმოჩნდა - შვეიცარია მას შემდეგ სტაბილურ ქვეყნად რჩება და შეძლო დამკვიდრებულიყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატია მსოფლიოში.

წყარო: 1tv.ge