აშშ იტალიური პროდუქტის ექსპორტისთვის ყველაზე დიდი ბაზარია ევროკავშირის გარეთ. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მის მიერ თანამდებობის დაკავებიდან ორი წლის განმავლობაში ექსპორტის ზრდამ 15 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

საინტერესოა რა მოხდება, თუ იტალიური პროდუქცია დონალდ ტრამპის ტარიფების სამიზნე გახდება? ეს კითხვა დაუსვეს მარკო სიმონს, რომელიც წარსულში ორი პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი იყო.

„იტალიურ პროდუქტზე ამას მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება. ყოველწლიურად აშშ-ში ჩვენ დაახლოებით 70 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ. ეს დიდი ფულია. ტარიფები იტალიურ კომპანიებს აშშ-ში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს შეუმცირებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიყიდით ნაკლებ ამერიკულ პროდუქტს, თუ ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს“, – ამბობს მარკო სიმონი, რომის ლუისის უნივერსიტეტის ინდუსტრიული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

ავეჯის წარმოებასთან და კვების ინდუსტრიასთან ერთად, ღვინის ექსპორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელზეც ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს გავლენა ექნება, რადგან აშშ იტალიური ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია.

„ჩვენ ვართ პალინის ქარხანაში, რომელიც ტრადიციული იტალიური ლიქიორის, ლიმონჩელოს წამყვანი მწარმოებელია. ყოველწლიურად აქ წარმოებული 3 მილიონი ლიტრი ლიქიორის 25 პროცენტი აშშ-ში იგზავნება“.

გაერთიანება ფედერვინიმ, რომელიც 2000-ზე მეტ კომპანიას, ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებს ექსპორტიორებს აერთიანებს, დაძაბულობის დეესკალაცია მოითხოვა, რათა თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი.

მიკაელა პალინი არის პალინის საოჯახო ბიზნესისა და ფედერვინის პრეზიდენტი. მისმა ოჯახმა ბიზნესი 150 წლის წინ დააფუძნა.

„აშშ მთავარი ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს. კერძოდ, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. საუბარია საექსპორტოდ გამზადებული 2 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის დაახლოებით 30%-ზე. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ შემოსავლის ნახევარი დავკარგოთ“, – ამბობს ფედერვინის პრეზიდენტი, მიკაელა პალინი.

ტრამპთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ჯორჯია მელონის ტარიფების თავიდან აცილება გაუჭირდება.

„კარგია, რომ იტალიას აშშ-თან პრივილეგირებული ურთიერთობა აქვს, მაგრამ ამას გავლენა არ ექნება პოტენციურ ტარიფებზე, რადგან ისინი დაწესდება ევროკავშირის საქონელზე და არა ცალკეულ ქვეყნებზე. იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამიტომ მოლაპარაკებები წარიმართება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის და არა ცალკეულ ქვეყნებთან“, – ამბობს მარკო სიმონი, რომის ლუისის უნივერსიტეტის ინდუსტრიული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

დააწესებს თუ არა ტარიფებს დონალდ ტრამპი, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: euronews georgia