Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება – 49%-ით.
FactSet-ის მონაცემებით, Alphabet-მა პირველ კვარტალში 90.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს – 89.2 მილიარდ აშშ დოლარს – აჭარბებს. ამასთან, კომპანიის მოგებამ 34.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც პროგნოზირებულ $24.8 მილიარდს მნიშვნელოვნად აღემატება.
Google-ის შემოსავლის ძირითადმა წყარომ, საძიებო სისტემამ, გაყიდვებიდან $50.7 მილიარდი გამოიმუშავა, ანალიტიკოსები კი $50.5 მილიარდს ვარაუდობდნენ. ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულმა Google Cloud-მა კი კომპანიას $12.3 მილიარდის შემოსავალი მოუტანა – ანალიტიკოსთა მოლოდინის შესაბამისად.
გუშინ, ფინანსური ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ, Alphabet (Google)-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის თითო აქციის ღირებულება $161.47-ს უტოლდება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.95 ტრილიონს აჭარბებს. საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის, ტექნოლოგიური გიგანტი კაპიტალიზაციით მე-5 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს კომპანიის დირექტორთა საბჭომ 70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა და კვარტალური ნაღდი ფულის დივიდენდების 5%-ით, 0.21 აშშ დოლარამდე გაზრდის შესახებ განაცხადა.