რა არის საშუალო ხელფასი ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებში? რომელი პროფესიები ითვლება ყველაზე მაღალანაზღაურებად? სად არის ხელფასები დაბალი და სად მაღალი და რატომ? ამის შესახებ მიმოხილვას ევრონიუსი ავრცელებს.
ევროკავშირის შრომის კანონმდებლობა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად ითვლება. იგი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სამუშაო პირობებსა და მუშაკთა უფლებებზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და სამუშაო უსაფრთხოებაზე. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ხელფასებს, არსებობს განსხვავება ქვეყნებს შორის, გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები: ეკონომიკის მდგომარეობა და შრომის ბაზარი, ინფლაცია, მოთხოვნის დონე და ა.შ.
ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს საშუალო წლიური ხელფასი მერყეობდა 106 839,33 ევროდან (შვეიცარია) 12 923,66 ევრომდე (ბულგარეთი).
(შვეიცარია ფორმალურად არ არის ევროპის ეკონომიკური ზონის ნაწილი, მაგრამ აქვს მისი წევრის ყველა უფლება და მოვალეობა, მათ შორის ვალდებულება უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის თავისუფალი წვდომა შრომის შიდა ბაზარზე და შვეიცარიის მოქალაქეების უფლება თავისუფლად იმუშაონ EEA-ში.)
შვეიცარიის შემდეგ, ისლანდიამ მეორე ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ქვეყნების რეიტინგში (81 942 ევრო). საუკეთესო სამეული ლუქსემბურგმა (79 903 ევრო) დაასრულა. შემდეგია ნორვეგია (74 506 ევრო) და ბელგია (70 297 ევრო).
მუშებს ყველაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ბულგარეთში (12 923 ევრო), რუმინეთში (14 500 ევრო), ხორვატიაში (17 842 ევრო), უნგრეთში (18 274 ევრო) და პოლონეთში (18 114 ევრო).
ევროსტატი ამ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საშუალო საათობრივი ხელფასი ევროკავშირში 30,5 ევრო იყო. უშვილო მუშების საშუალო წლიური ხელფასი 26136 ევრო იყო. დასაქმებული წყვილები ორი შვილით იღებდნენ საშუალოდ 55573 ევროს წელიწადში.
გენდერული ანაზღაურების სხვაობა ევროკავშირის მასშტაბით 2021 წელს იყო 12.7%, ბლოკის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი სხვაობა ესტონეთშია 20.5%. ყველაზე მცირე კი ლუქსემბურგში - 0,2%. თუმცა, ევროკომისიის მონაცემებით, გენდერული ანაზღაურების სხვაობა 2023 წელს 13%-მდე გაიზარდა. ჯერ კიდევ 2020 წელს ევროკომისიამ გამოაცხადა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ამ პრობლემის მოგვარებას.
საშუალო წლიური წმინდა ხელფასები ოდნავ გაიზარდა ბოლო წლებში როგორც ევროკავშირში, ასევე ევროზონაში, მაგრამ არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს დიდწილად განპირობებულია შრომის პროდუქტიულობის შენელებით, განსაკუთრებით გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ევროპის ეკონომიკურ ზონაში.
ევროპაში დასაქმების ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორებია ფინანსები, დაზღვევა, ელექტროენერგია, სამთო მოპოვება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საცალო ვაჭრობა და განათლება. ყველაზე დაბალი ანაზღაურებადია ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, სასტუმრო ბიზნესი და მშენებლობა.
სხვადასხვა ქვეყანაში მსყიდველუნარიანობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინფლაცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების უმეტესობაში ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, ძირითადი მიზეზი კი პანდემია იყო.
სხვა გეოპოლიტიკურმა რყევებმა, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, გამოიწვია მიწოდების შეფერხება და გაღრმავდა ენერგეტიკული კრიზისი. ანალიტიკოსების ვარაუდით, ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის კონტექსტში, ვითარება შესაძლოა გაუარესდეს.
ამ შემთხვევაში, ინფლაციის ზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ხელფასების შემცირებას და ცხოვრების ღირებულების ზრდას. ხელფასების ზრდა ხშირად ვერ ეწევა ფასების ზრდას.
რატომ არის ხელფასები ასე მაღალი შვეიცარიასა და ისლანდიაში?
შვეიცარიაში მაღალი ხელფასები განპირობებულია საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორის მდგომარეობით. გარდა ამისა, იქ, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გადასახადები გაცილებით დაბალია - 20%-დან 35%-მდე.
ისლანდიაში ხელფასები იზრდება იმის გამო, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი კოლექტიური ხელშეკრულებებით მუშაობს. გარდა ამისა, მათ გააფართოვეს შეღავათები COVID-19 პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად პროგრამის ფარგლებში და შემცირების პერიოდის შემდეგ აღადგინეს საათობრივი ხელფასი.
გარდა ამისა, ისლანდია იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია და მუდმივად მაღალი ინფლაციაა. ეს უბიძგებს დასაქმებულებს მოითხოვონ უფრო მაღალი ხელფასები ფასების ზრდის შესაბამისად. 2019 წლის მარტიდან ისლანდიაში 326 შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, მუშათა 90%-ზე მეტი პროფკავშირებს მიეკუთვნება.
როგორც შვეიცარიაში, ლუქსემბურგის ბანკების უმეტესობაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მოთხოვნადი თანამშრომლები, რომლებიც იღებენ სოლიდურ ანაზღაურებას. მათ შორის ბევრი ექსპატია.
გარდა ამისა, ამ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაიხედება ფასების დინამიკის შესაბამისად, რაც იძლევა ხელფასის სტანდარტების მაღალ დონეზე შენარჩუნების საშუალებას. მაგრამ მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ხელფასები დიდწილად დამოკიდებულია ინდუსტრიებზე, საბანკო განყოფილებებზე, მუშაობის ხანგრძლივობაზე, ასაკზე, ასევე განათლებასა და გამოცდილებაზე.
ნორვეგიაში დასაქმებულებს აქვთ ძალიან მაღალი დონის განათლება, რაც იწვევს მაღალ ხელფასს. ხელფასების უთანასწორობა ასევე საკმაოდ დაბალია და კარგად შემუშავებული პროგრესული საგადასახადო სისტემა კიდევ უფრო ზღუდავს შემოსავლების დისპერსიას. ნორვეგიის შედარებით თანასწორუფლებიანი სამუშაო კულტურა ასევე უადვილებს დასაქმებულებს დამსაქმებლებთან ხელფასების და შეღავათების შესახებ მოლაპარაკებას.
ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე ქვეყნები
ბულგარეთი ამჟამად ხელფასების შემცირების პრობლემას ებრძვის, რადგან შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების მზარდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას და ხშირად მიედინება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. განათლების დაბალი დონე და დამსაქმებლის მიერ დაფინანსებული ტრენინგებისა და კარიერული კონსულტაციების შეზღუდული ხელმისაწვდომობა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბულგარეთი ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე ქვეყნების რეიტინგში ლიდერობს. მაგრამ ხელისუფლება მომავალი წლიდან გეგმავს მინიმალური ხელფასის გაზრდას არსებული 780 ლევიდან (398 ევრო) 933 ლევამდე (477 ევრო).
რუმინეთისთვის უარყოფითი ფაქტორია არასაკმარისად ეფექტური პროფკავშირები. რუმინეთის ეკონომიკა ასევე ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ შეზღუდულია.
1990-იანი წლების დასაწყისში ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მან ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა განევითარებინა თავისი ეკონომიკური და ფინანსური სექტორები, როგორც ეს ევროკავშირის დანარჩენმა ნაწილმა გააკეთა. ომის შემდეგ მთავრობამ ასევე დიდი ხარჯები გაიღო კომპენსაციისა და რეკონსტრუქციისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორვატიის ეკონომიკა დღესაც არ არის ისეთი განვითარებული, როგორსაც შეიძლება ველოდოთ. ქვეყნის სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრია დიდად არის დამოკიდებული დროებით და სეზონურ მუშაკებზე. ამან განაპირობა ის, რომ ხელფასები ქრონიკულად დაბალი რჩება, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს ზეწოლა ხელფასის გაზრდაზე. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება და ხორვატიას, სხვა უპირატესობებთან ერთად, ახლა უფრო ტევადი შრომის ბაზარი აქვს. გარდა ამისა, ამ ქვეყანას აქვს ცხოვრების საკმაოდ დაბალი ღირებულება, რაც ასევე ხელს უწყობს მსყიდველობითი უნარის ზრდას.
ანალიტიკოსები უნგრეთში ცხოვრების დაბალ ღირებულებას უწოდებენ ხელფასების სუსტი ზრდის თითქმის მთავარ ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანა განიცდის უფრო მაღალ ინფლაციას, სიტუაცია შეიძლება თანდათანობით შეიცვალოს.
რაც შეეხება პოლონეთს, მთავრობამ ხელი შეუწყო ხელფასების ზრდის შეკავებას და ამას მიზანმიმართულად აკეთებს რამდენიმე წელია. ამრიგად, პოლონეთმა შეინარჩუნა ქვეყნის იარლიყი „იაფი შრომით“. მიუხედავად იმისა, რომ ეს იზიდავს უცხოურ კომპანიებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გააუმჯობესოს ცხოვრება საშუალო პოლონელი მუშაკისთვის, რადგან მისი ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მისი დასავლეთ ევროპელი კოლეგები.
თუმცა, საშუალო შემოსავალი საერთო სურათის მხოლოდ ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მთელ ქვეყანას ან რეგიონს. იდეალურ შემთხვევაში, სტატისტიკური კვლევის დროს, რაოდენობრივი მახასიათებლები ყოველთვის ხარისხობრივთან ერთად უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიიღოთ ყველაზე სრულყოფილი სურათი.
ამგვარად, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, რესპონდენტები გამოხატავენ კმაყოფილებას ცხოვრებით, მიუხედავად ქვეყანაში დაბალი ხელფასისა.