რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის შეხვედრის შესაძლო ადგილს. ინფორმაციას Reuters-ი ორ რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ორივე ქვეყანას უკვე ეწვივნენ. ამავდროულად, სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ რუსეთში "არის გარკვეული წინააღმდეგობა ამ იდეასთან დაკავშირებით", რადგან რიგი დიპლომატები და დაზვერვის ოფიცრები აღნიშნავენ, რომ როგორც საუდის არაბეთს, ასევე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვთ "მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოების კავშირები" შეერთებულ შტატებთან.
Reuters-ის წყაროები ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ადგილად ამ ეტაპზე თურქეთს გამორიცხავენ. სწორედ, თურქეთმა უმასპინძლა დელეგაციებს მოსკოვიდან და კიევიდან 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც მხარეებმა მოლაპარაკებებში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის გამორიცხვის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ის NATO-ს წევრია.
Reuters-ი წერს, რომ რიადმა და აბუ დაბიმ არ უპასუხეს მათ თხოვნას, გაეკეთებინათ კომენტარი აღნიშნულ საკითხზე. კრემლმა კი სააგენტოს უარი განუცხადა კომენტარზე.