პრეზიდენტმა ტრამპმა კარგი საქმე გააკეთა. ამ ომის პროგრამა-მინიმუმი, ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება, არსებითად შესრულდა, - ამის შესახებ ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი და ფილოსოფოსი, გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე განმარტებით, ეს კარგია იმიტომ, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანი სახიფათო იქნებოდა რეგიონისთვის, მაგრამ კარგია უფრო ფართო გაგებითაც. თუმცა, ნოდია დარწმუნებულია, რომ  ეს უშუალო გავლენას ვერ მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგრამ ზახს უსვამს, რომ, ირანის სახით, მოკავშირის დაკარგვამ, რუსეთის პოზიციები ობიექტურად დაასუსტა.

"ტრამპმა რომ კბილები გამოაჩინა, არც ამის პრეცედენტი უნდა უხაროდეს პუტინს. ამერიკის ხელისუფლებაში „იზოლაციონისტებმა“ ან, როგორც უფრო ხშირად ეძახიან, „თავშეკავებისტებმა“ (restrainers) მარცხი განიცადეს. ტაკერ კარლსონი ხმამაღლა მოთქვამს. ტრამპის ბაზის („მაგა“-ს) უმრავლესობას მისი ეს ქმედება მოეწონა. ესეც კარგია, რადგან ამ პლანეტას აქტიური ამერიკა უნდა ერჩივნოს თავის ნაჭუჭში ჩაკეტილს. თუმცა, ტრამპი არაწინასწარმეტყველებადი დარჩება და არ ვიცით, ამის შემდეგ სად რას იზამს. გლობალური მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა დასკვნას გამოიტანს აქედან ჩინეთი და მოახდენს თუ არა ეს ეპიზოდი რამე გავლენას მის ქმედებებზე. (არა მგონია, რაიმე აქტიური ნაბიჯები გადადგას). შეიძლება ვინმემ იცის, რა მოუვა ამის შემდეგ ირანს, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ. ვვარაუდობ, რომ ტრამპი შეეცდება ხამენეისთან შეთანხმების მიღწევას. წესით, ირანის ხელმძღვანელობისთვის ასეთი შეთანხმება მათი და მათი ქვეყნოს გადარჩენის შანსია. მაგრამ სხვა სცენარებიც არის. ვნახოთ," - წერს პოლიტოლოგი