პოლონეთში საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე კომპანიებს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საპილოტე პროგრამა სამუშაო საათების შემცირების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს.
ინიციატივა, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონი პოლონური ზლოტია (დაახლოებით 12 მილიონი ევრო), 2027 წლამდე გაგრძელდება და ცენტრალურ თუ აღმოსავლეთ ევროპაში პირველ მსგავს ნაბიჯად ითვლება.
„დასვენებული თანამშრომლები უფრო ჯანმრთელად და ეფექტიანად მუშაობენ, უფრო ერთგულებიც არიან“, – განაცხადა ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა აგნიეშკა ძიემიანოვიჩ-ბონკმა პროგრამის პრეზენტაციისას.
მისი თქმით, სამუშაო საათების შემცირება სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს გააუმჯობესებს.
პროგრამა კომპანიებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ სამუშაო მოდელები: ოთხდღიანი სამუშაო კვირა, შემოკლებული ცვლები, გახანგრძლივებული შვებულებები ან მოქნილი გრაფიკი.
მონაწილე დამსაქმებლებმა ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა იმუშაონ, თანამშრომელთა უმეტესობა სტანდარტული ხელშეკრულებებით უნდა იყოს დასაქმებული, ხოლო საცდელ პერიოდში ხელფასები და თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა შემცირდეს. პროექტმა თანამშრომელთა ნახევარი მაინც უნდა მოიცვას.
პროგრამას პოლონეთის შრომის ფონდი დააფინანსებს.
წელს 10 მილიონი ზლოტი გამოიყოფა, თითოეული პროექტისთვის მაქსიმუმ 1 მილიონი ზლოტის გრანტით. თანამშრომელზე გაწეული ხარჯი 20,000 ზლოტს არ უნდა აღემატებოდეს.
განაცხადებს ონლაინ 15 სექტემბრამდე მიიღებენ, შერჩეულ პროექტებს 15 ოქტომბერს გამოაცხადებენ, ხოლო გამოცდა იანვარში დაიწყება.
პროგრამა პოლონეთისა და უცხოური ბიზნესების ერთწლიანი კვლევისა და კონსულტაციების შედეგად შეიქმნა.
ვარშავის SWPS უნივერსიტეტის გამოკითხვის თანახმად, პოლონელთა ნახევარზე მეტი, ქალთა 65% და მამაკაცთა 63%, სამუშაო საათების შემცირებას მხარს უჭერს.
Hays Poland-ის მაისის ანგარიშის თანახმად, მენეჯერებისა და სპეციალისტების 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა 40-საათიანი სამუშაო კვირის შემცირებისთვის მზადაა.
ბიზნეს ჯგუფები სიფრთხილეს იჩენენ. „განაცხადების უმეტესობა, სავარაუდოდ, ოფისებში მომუშავე კომპანიებიდან იქნება. საცალო ვაჭრობასა და წარმოებაში შემოკლებული კვირა პრობლემებს შექმნის“, – თქვა პოლონეთის დამსაქმებელთა ასოციაციის სამართლებრივმა ექსპერტმა სიმონ ვიტკოვსკიმ.
ინფლაციამ, მისი აზრით, შესაძლოა სარგებელი შეამციროს, ამიტომ რეფორმა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
პოლონეთში მიმდინარე ეს დისკუსია გლობალურ ტრენდს ეხმიანება. საფრანგეთი 2000 წლიდან 35-საათიან სამუშაო კვირაზეა გადასული, ხოლო ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი 37.5-საათიანზე.
ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და კანადაში ჩატარებულმა საცდელმა პროექტებმა პროდუქტიულობის ზრდა, შემოსავლების მატება და თანამშრომლებში გადაწვის შემცირება აჩვენა.
ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში, სამუშაო კვირა 40 საათია და ხუთ დღეზე ნაწილდება.
პოლონეთის საპილოტე პროგრამის ამოცანაა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა სამუშაო საათების შემცირება ეკონომიკური შედეგების გაუარესების გარეშე.
წყარო: 1 არხი