გასულ წელს პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივმა სიმდიდრემ 10 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა.

ინფორმაციას Bloomberg მილიარდერების ინდექსის საფუძველზე ავრცელებს.

ისინი ერთ წელიწადში 1,5 ტრლნ დოლარით გამდიდრდნენ და უმეტესობა ტექნოგიგანტ კომპანიებს წარმოადგენს. სხვა ინდუსტრიიდან უმდიდრესი ბიზნესმენების ათეულში მხოლოდ ორი წარმომადგენელია. ეს არის ლუქსჰოლდინგ LVMH-ის დამფუძნებელი, ბერნარ არნო, რომელიც მეხუთე ადგილზეა და საინვესტიციო Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი, რომელიც ათეულს ხურავს.

დიდი უპირატესობით ლიდერობს Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი, რომლის ქონებაც 432 მლრდ დოლარს შეადგინს. მისი ქონება წლის განმავლობაში 203 მლრდ დოლარით გაიზარდა.

მეორე ადგილზე 239 მლრდ დოლარით Amazon-ის შემქნმნელი, ჯეფ ბეზოსი, ხოლო მესამეზე 207 მლრდ დოლარით Meta-ს მფლობელი, მარკ ცუკერბერგია. ისინი და სხვა ტექნოგიგანტების დამფუძნებლები, ჯენსენ ჰუანი (Nvidia), სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი (Google), ასევე, ლარი ელისონი (Oracle) და მაიკლ დელი (Dell) ლიდერობენ სიაში, რომელთა ქონებაც წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა.

მილიარდერების სიმდიდრის მთლიან ზრდაში ამ კომპანიების წილი 43%-ს შეადგენს. ისინი S&P 500-ის ინდექსის ზრდის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ, რომელმაც წელიწადში 24%-ით მოიმატა.

Bloomberg-ის მიხედვით, 500 მილიარდერს შორის 14 რუსია. მათ შორის, ასევე, ტექნოლოგიური კომპანიის, Telegram-ის შემქმნელი, პაველ დუროვი 11 მლრდ დოლარით ლიდერობს. მისი ქონება ერთ წელიწადში 1,85 მლრდ დოლარით გაიზარდა.

www.bpn.ge