დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებებს, ამ ქმედებებით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას, პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული გაკეთდება ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს.

„ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას „დარჩი მექსიკაში“. მე დავასრულებ „დაიჭირე და გაათავისუფლე“ პრაქტიკას და გავგზავნი ჯარებს სამხრეთ საზღვარზე ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი შემოჭრის შესაჩერებლად. დღეს ხელმოწერილი ბრძანებებით, ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. 1798 წლის უცხოელ მტერთა აქტის გამოყენებით, მე მივცემ მითითებას ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების სრული და უზარმაზარი ძალა ყველა უცხოური ბანდისა და კრიმინალური ქსელის აღმოსაფხვრელად, რომლებიც დამანგრეველ დანაშაულს სჩადიან აშშ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენს ქალაქებსა და შიდა უბნებში. როგორც მთავარსარდალს, არ მაქვს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დაცვა საფრთხეებისა და შემოჭრებისგან. სწორედ ამას გავაკეთებ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს. შემდეგ, მე მივცემ მითითებას ჩემი კაბინეტის ყველა წევრს, გამოიყენონ მათ განკარგულებაში არსებული ვრცელი უფლებამოსილებები რეკორდული ინფლაციის დასამარცხებლად და ხარჯებისა და ფასების სწრაფად შესამცირებლად. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო ენერგიის მასიური ჭარბი ხარჯვითა და მზარდი ფასებით, ამიტომაც დღეს მე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას. ჩვენ გავბურღავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge