ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი X-ზე.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, დელეგაციების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ოთახებია გამოყოფილი და შეტყობინებებს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის მეშვეობით გაცვლიან.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ „მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციაზე, პატიმრების გაცვლასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე კონტროლის სანაცვლოდ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ შეზღუდულ შეთანხმებებზე“.
ომანის დედაქალაქ მასკატში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, ხოლო აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი წარმოადგენს.
ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„მინდა, რომ ირანი მშვენიერი, დიდებული და ბედნიერი ქვეყანა იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
წყარო: ipn.ge