30 ივნისს, ამერიკელმა მიშელ კანგმა ჯონ ტექსტორი შეცვალა და საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკ ლიონს“ ჩაუდგა სათავეში. ამით ის საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს, DNCG-ის მიერ 24 ივნისს კლუბ „ოლიმპიკ ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითების შესახებ განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს, 30 ივნისს, ამერიკელმა ბიზნესვუმენმა ჯონ ტექსტორი შეცვალა და ლიონის „ოლიმპიკს ჩაუდგა სათავეში. ის ასევე დაინიშნა Eagle Football Group-ის (ყოფილი OL Group) აღმასრულებელ დირექტორად, რომელიც კლუბის ყველა საქმიანობას ზედამხედველობს.
მიშელ კანგი ამ პოსტებზე „ლიონის“ დაქვეითების თავიდან აცილებისა და კლუბის უფრო მყარ ფინანსურ საფუძველზე დაყენების იმედით დაინიშნა. ჯონ ტექსტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, არეულობიდან კლუბის გამოსაყვანად, ის „იდეალური არჩევანია“. ვინ არის ლიგა 1-ის კლუბის პირველი მფლობელი ქალი?
შთამბეჭდავი ბიზნესვუმენი
მიშელ კანგი 1959 წელს სამხრეთ კორეაში დაიბადა და 1980-იან წლებში საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მან ჯერ ჩიკაგოში (ილინოისი) მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, შემდეგ კი პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში (კონექტიკუტი) მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მიშელმა აშშ-ში დარჩენა გადაწყვიტა და ფინანსური აუდიტის ფირმაში კონსულტანტი გახდა. 2008 წელს მან დააარსა საკონსულტაციო კომპანია (ჯანდაცვის საკითხებზე) Cognosante, რომელიც 2024 წელს გაყიდა.
მართლაც წარმატებული კარიერული გზაა ქალისთვის, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო! ამერიკული ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, მისი პირადი ქონება 2025 წელს 1,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამერიკის უმდიდრეს, საკუთარი თავის თავად შემქმნელ ქალებს შორის მიშელ კანგი 28-ე ადგილზეა.
ქალთა სპორტის მიმზიდველობა
2019 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ (ქალთა შორის), რომელიც აშშ-ს საფეხბურთო ნაკრებმა მოიგო, მიშელ კანგი ქალთა სპორტული კლუბებით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა. სამი წლის შემდეგ, მან „ვაშინგტონ სპირიტის“ ელიტური ფრენჩაიზი შეიძინა. უფრო მოგვიანებით კი, 2023 წელს, „ოლიმპიკ ლიონის“ (Olympique Lyonnais) ქალთა გუნდი იყიდა, რომელსაც გასული წლის მაისში, გუნდის მიერ საფრანგეთის ჩემპიონის მე-18 ტიტულის მოპოვების შემდეგ, „ოლ ლიონეს“-ი (OL Lyonnes) ეწოდა.
ის ასევე ფლობს ინგლისურ ქალთა საფეხბურთო კლუბ „მილუოლს“, რომელიც ახლა London City Lionesses-ის სახელით არის ცნობილი. ეს კლუბი ახლახან ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა. მიშელს ასევე ფლობს წილს ჯონ ტექსტორის Eagle Football Holdings-ში.
ქველმოქმედი სპორტის სამსახურში
თავისი მთავარი საქმიანობის გარდა, ის ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „კუნისკას“ (Kynisca), რომელიც მთლიანად ქალთა სპორტს „მფარველობს“. ეს ორგანიზაცია, ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის კლუბების შეძენის გზით, ქალთა ფეხბურთის უფრო ფართოდ გავრცელებას და პოპულარიზებას აპირებს. როგორც „კუნისკას“ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ორგანიზაცია ინვესტირებას „სპორტული მეცნიერების კვლევებში ახორციელებს, რათა ქალების წვრთნა და ვარჯიშები, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით ტარდებოდეს“.
როგორც ამერიკული ტრადიციების ღირსეული წარმომადგენელი ქველმოქმედი, მიშელ კანგი სპორტის რამდენიმე სახეობას უწევს ფინანსურ დახმარებას. 2024 წელს მან 30 მილიონი დოლარი გამოუყო აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციას და 4 მილიონი დოლარი შესწირა აშშ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდს. იმავე წელს, მან 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო უმაღლესი დონის სპორტსმენების სამედიცინო კვლევებსა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში. 2022 წელს კინგმა ფინანსური დახმარება გაუწია Just Women's Sports-ს, რომელიც იმ პერიოდში საკუთარ თავს შეერთებულ შტატებში ქალთა სპორტის გაშუქების ლიდერად მიიჩნევდა.
შეუმჩნეველი და, ამავე დროს, მოთამაშეებთან ახლოს მყოფი
მიშელ კანგის მიდგომა ძალიან განსხვავდება მისი წინამორბედისგან, რომელიც პრესასთან გულწრფელობით იყო ცნობილი. ის მიიჩნევა პერფექციონისტად, რომელიც მოთამაშეებთან ახლოს დგას და, ამავე დროს, არის ქალი, რომელიც თავისი მიზნების ერთგულია. „ფიზიკურად ის ყოველთვის ადგილზე არ არის, მაგრამ თქვენ მისი მხარდაჭერა შეგიძლიათ ყოველდღე იგრძნოთ. ის გამოყოფს ფინანსურ სახსრებს და მუშაობის საშუალებას გვაძლევს. ის საქმიანი ქალია, რომელიც მრჩევლებით არის გარშემორტყმული, რათა თავისი პროექტები წარმატებით განახორციელოს", - განუცხადა გამოცემა „ეკიპს“ ლიონის ყოფილმა მწვრთნელმა, სონია ბომპასტორმა.
„მას კვლავ უმაღლეს დონეზე სურს თამაში“, - წერს ვენდი რენარდი იმავე სტატიაში და ხაზს უსვამს, რომ კანგი ცდილობს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ქალთა ფეხბურთის პროფესიონალიზმი. ის სწავლობს, მაგალითად, მენსტრუაციის გავლენას სპორტულ შედეგებზე. მისი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება.
1 არხი