ნიდერლანდებში, ბავშვი კომაში ჩავარდა Haribo-ს საღეჭი კანფეტების ჭამის შემდეგ, რომლებიც კანაფს შეიცავდა. პოლიცია, საქმის გამოძიება დაიწყო, იუწყება VRT News.
კლინიკაში განაცხადეს, რომ კანფეტების ჭამის შემდეგ მათთან ორი სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დახმარება მოახერხეს და ორივე დაზარალებული ამჟამად კარგადაა.
პოლიცია იძიებს, თუ როგორ შეიძლება მოხვედრილიყო კანაფი კანფეტებში.
29 მაისს, ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქტების უვნებლობის სამსახურმა დაადასტურა Haribo-ს პროდუქტებში კანაფის აღმოჩენა. ამ დროისთვის ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებით მხოლოდ სამი შეფუთვაა ნაპოვნი.
კანფეტები ნიდერლანდებისა და ბელგიის მაღაზიებიდან ამოიღეს. საუბარია Happy Cola F!ZZ საღეჭი რეზინის კილოგრამიან შეფუთვაზე, რომლის ვარგისიანობის ვადა 2026 წლის იანვარია. ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ ტკბილეულის ჭამის შემდეგ თავს ცუდად იგრძნობენ.