აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანისთვის ფულის გათეთრების გლობალურ ქსელში მონაწილე კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
OFAC-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა კომპანია FLUXUS MARINE INC, რომელიც 2021 წელს ირანშია რეგისტრირებული. სანქციების მონაცემებში კომპანიის საქმიანობის ქვეყნებად მითითებულია საქართველო და ყაზახეთი, ხოლო მისამართად თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №37 არის მითითებული.
სანქციების გავრცელების შედეგად, კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება მის საკუთრებაში ან კონტროლქვეშ არსებულ აქტივებსა და ქონებრივ ინტერესებზე, მათ შორის შესაბამის შემთხვევაში - საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებსა და სხვა აქტივებზე.
OFAC-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, FLUXUS MARINE INC-ის გარდა, ირანთან დაკავშირებული ფულის გათეთრების ქსელში მონაწილე სხვა კომპანიებიც არიან. მათ შორის არიან გერმანიაში, ჩინეთში, ყაზახეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიები.