ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, NATO ესტონეთში გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის განლაგებას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამხედროები, სავარაუდოდ, ქალაქ პერნუში განლაგდებიან.

პევკურის თქმით, ამჟამად ესტონეთი გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის განლაგების შესახებ ალიანსის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

"ეს კონკრეტული გეგმა დაკავშირებულია NATO-ს უფრო ფართო ინიციატივასთან, რომელიც ჩვენი ოპერაციების არეალზე პასუხისმგებელ გერმანულ-ჰოლანდიურ კორპუსს და მათ წინა სამეთაურო პუნქტს მოიცავს. ეს ესტონეთის თავდაცვის ძალების პერსპექტივიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა". - თქვა პევკურმა.

ამასთან, მინისტრის თქმით სამხედრო კორპუსს დაახლოებით 100-დან 200-მდე პერსონალისთვის განკუთვნილი ბაზის კომპლექსი, მათ შორის, შტაბბინის შენობები და დამხმარე ობიექტები და ინფრასტრუქტურა დასჭირდება.

ბაზის შექმნისთვის ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს 17 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ამისთვის ბიუჯეტი გათვალისწინებული გვაქვს, ამიტომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მზად ვიქნებით მუშაობა დაუყოვნებლივ განვაგრძოთ". - თქვა პევკურმა.

tabula.ge