სულ რამდენიმე დღეში, ინდოეთის ქალაქ ჩენაის სატიშ დჰავანის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ ახალ თანამგზავრს, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე სანტიმეტრის მასშტაბის ცვლილებების დაფიქსირება შეეძლება, თანაც თითქმის რეალურ დროში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამინდის მიუხედავად.
თანამგზავრის სახელია NISAR-ი; იწონის თითქმის 3 ტონას, აქვს 12-მეტრიანი რადარი ანტენა და მისი აგება 1,5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდება ხმელეთის ზედაპირს, მასზე და მასში წყლის დინებას და ფასდაუდებელ ცნობებს მოგვაწვდის ფერმერებისთვის, კლიმატური მეცნიერებისთვის და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფებისთვის.
უკვე ათწლეულებია, ფასდაუდებელი სამეცნიერო ხელსაწყოებია თანამგზავრები, რომლებიც დედამიწის ზედაპირს იღებენ. ისინი მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მონაცემს გვაწვდიან მრავალ სხვადასხვა დარგში, მაგალითად, ამინდის პროგნოზირებასა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვაში. მეცნიერებს ასევე ეხმარებიან დედამიწის ეკოსისტემებისა და კლიმატის გრძელვადიან ცვლილებათა მეთვალყურეობაში.
დედამიწის დამკვირვებელ მრავალ ასეთ თანამგზავრს ესაჭიროება მზის სინათლის არეკვლა, რათა შეძლოს პლანეტის ზედაპირის გადაღება. შედეგად, ისინი ფოტოებს მხოლოდ დღისით და ისიც უღრუბლო ცის შემთხვევაში იღებენ.
ამის გამო, ამ თანამგზავრებს დიდი სირთულე ექმნებათ ღრუბლების საფარის შემთხვევაში, განსაკუთრებით ტროპიკულ რეგიონებში, ასევე ღამით.
თანამგზავრი NISAR-ი აშშ-ისა და ინდოეთის კოსმოსური სააგენტოების (NASA და ISRO) თანამშრომლობის პროდუქტია და ამ სირთულეების დაძლევა შეუძლია, რადგან დედამიწის სურათების გადასაღებად იყენებს სინთეზურ-აპერტურული რადარულ (SAR) ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიის მიხედვით ეწოდა თანამგზავრს სახელიც. NISAR-ი აღნიშნავს NASA-ISRO SAR-ის შემოკლებას.
SAR ტექნოლოგია 1951 წელს სამხედრო გამოყენებისთვის გამოიგონეს. დედამიწის ზედაპირის პასიური გადაღებისთვის მზის სინათლის ანარეკლის გამოყენების ნაცვლად, SAR თანამგზავრები აქტიურად ასხივებენ რადარულ სიგნალებს ზედაპირისკენ და აფიქსირებენ უკან არეკლილ სიგნალს. დაახლოებით იმას ჰგავს, ბნელ ოთახში ფოტოს გადაღებისას რომ ფლეშ-განათება გამოიყენოთ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ SAR თანამგზავრებს დედამიწის ზედაპირის სურათების გადაღება შეუძლიათ დღისითაც და ღამითაც.