გერმანიაში აივნებზე განთავსებული მინი მზის ელექტროსადგურების რაოდენობა ერთ წელიწადში გაორმაგდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ელექტროენერგიის ბაზრის ცენტრალური რეესტრის (MaStR) და მზის ენერგიის კომპანიების ფედერალური ასოციაციის (BSW) მონაცემებით, ამჟამად მათი რაოდენობა დაახლოებით მილიონს შეადგენს.

800 ვატამდე სიმძლავრის ეს სისტემები სახლის ქსელთან არის დაკავშირებული, რაც ამცირებს ელექტროენერგიის გადასახადებს და მავნე გამონაბოლქვებს. თუ პანელები საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ, ჭარბი ენერგია საერთო ქსელში გადადის. ინვესტიციები რამდენიმე წელიწადში ანაზღაურდება და დაზოგვის გარდა, ეს არის მარტივი გზა, რათა ენერგიის მოხმარება უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახდეს.

ყველა რეგისტრირებული აივნის პანელის საერთო სიმძლავრე ჯერ კიდევ მცირეა - დაახლოებით 0.9 გიგავატი (ერთი თანამედროვე გაზის ელექტროსადგურის მსგავსად). თუმცა, მათი პოპულარობა სწრაფად იზრდება.