უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნები ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას აქტიურად ცდილობენ და განახლებად ენერგიაში ინვესტიციები იზრდება.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს მზის ენერგიაში ინვესტიციების მოცულობამ ნავთობში ინვესტიციებს პირველად გადააჭარბა.
გასულ წელს ენერგოსექტორში გლობალურმა ინვესტიციებმა ყველა დროის მაქსიმუმს, $2.8 ტრილიონს მიაღწია, საიდანაც $1.7 ტრილიონზე მეტი სწორედ სუფთა ენერგიაზე მოდიოდა. თუმცა, IEA-ის გლობალური ენერგეტიკული ინვესტიციების ანგარიშის თანახმად, წიაღისეულ საწვავში ინვესტიციები 2-ჯერ აღემატება იმ დასაშვებ რაოდენობას, რომლის შენარჩუნებაც ქვეყნების მხრიდან მათი კლიმატური დაპირებების მისაღწევად აუცილებელია.
„წიაღისეულ საწვავში ინვესტირებულ ყოველ დოლართან შეფარდებით, სუფთა ენერგიაზე დაახლოებით $1.7 იხარჯება. დაახლოებით ხუთი წლის წინ ეს თანაფარდობა ერთი-ერთზე იყო. მზის ენერგიაში ინვესტიციები, რამაც პირველად გადააჭარბა ნავთობის წარმოებისთვის გაღებულ დაფინანსებას, ამის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.
ომის დაწყების შემდეგ, ყველა სახის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინვესტიციები წიაღისეული საწვავისა და სუფთა ენერგიის წარმოებაში. გარდა ამისა მოიმატა ფასებმა ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი სწორედ რუსეთია.