უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა აშშ და ევროპის ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი არ განმიხილავს. მეორეც, უკრაინაში არჩევნების საკითხი, ჩვენს ხალხზეა დამოკიდებული. ეს უკრაიელი ხალხის საკითხია და არა სხვა ქვეყნების ხალხების. ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემის გამოხატვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, არჩევნებისთვის მზად არის.
„მოვისმინე რამდენიმე გადაკრული სიტყვა, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვებღაუჭებით, რომ მე პირადად პრეზიდენტის სავარძელს ვებღაუჭები და რომ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი, ეს, გულწრფელად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატური ისტორიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ორი საკითხი ჩნდება.
„პირველ რიგში, უსაფრთხოება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? როგორ შეიძლება ამის გაკეთება დარტყმების ქვეშ, რაკეტების ქვეშ? და ჩვენი სამხედროების საკითხი, როგორ მისცემენ ხმას? თქვენ ეს იცით და არ მინდა გამეორება. მეორე საკითხი არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველია. რადგან ამ საკითხს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. შეხედეთ, მე მზად ვარ არჩევნებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს. „ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ipn.ge