გერმანიის არჩეული კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, გუშინდელი განცხადებებიდან მთავარი მესიჯებია:
"დონალდ ტრამპი ზოგ რამეში საერთოდ არ ცდება. თუნდაც ომი დღეს უკვე დამთავრებული შეიძლება ყოფილიყო, თავიდანვე უფრო დიდი მოცულობების სამხედრო დახმარება რომ გაგვეწია."
"უკრაინა დიდი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ აქტიურ ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება EU-ს და NATO-ს წევრი. ეს მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაა შესაძლებელი."
"პუტინი უნდა მიხვდეს, რომ მას ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. მშვიდობის გასაღები მთლიანად მის ხელშია."
"არ უნდა ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტები, რომ ომი თავისით მოგვარდება."
უფრო კონკრეტულად:
გერმანიის მომავალი კანცლერი, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მერცმა გამოცემა Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“, - განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.
„ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. ძნელია იმედი გქონდეს, რომ ომი თავისით დასრულდება - ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების გამო“, - აღნიშნა მერცმა.