მსოფლიო ლიდერები კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის და მის „ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„ვულოცავ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას. ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად და გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში მშრომელი ადამიანებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მიესალმება მარკ კარნის ლიდერობას საერთაშორისო საკითხებში.
„ვიცი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში“, - წერს სტარმერი.
მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც.
„ძვირფასო მარკ კარნი, გილოცავთ გამარჯვებას. თქვენ განასახიერებთ ძლიერ კანადას დღევანდელი გამოწვევების წინაშე. საფრანგეთი მოხარულია, რომ კიდევ უფრო განამტკიცებს მეგობრობას, რომელიც აერთიანებს ჩვენს ორ ქვეყანას. მოუთმენლად ველი თქვენთან მხარდამხარ მუშაობას“, - წერს ემანუელ მაკრონი.
ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ კანადა ნატო-ს ღირებული წევრია და მოუთმენლად ელის მარკ კარნისთან მუშაობას კიდევ უფრო ძლიერი და სამართლიანი ალიანსის შესაქმნელად.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას. კანადა ნატო-ს ღირებული წევრია. მოუთმენლად ველი ერთად მუშაობას კიდევ უფრო ძლიერი და სამართლიანი ალიანსის შესაქმნელად - თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადებით და სამრეწველო წარმოების გაზრდით, რათა გვქონდეს ის, რაც უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.
მარკ კარნის და „ლიბერალურ პარტიას“ კანადის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„უკრაინა ღრმად აფასებს კანადასთან ჩვენს მჭიდრო კავშირებს და კანადელი ხალხის ურყევ მხარდაჭერას. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ კანადის პრინციპული ლიდერობისთვის უკრაინის მხარდაჭერაში - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით დაწყებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დამთავრებული. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ გაძლიერდება მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოებისკენ ჩვენი საერთო სწრაფვისას“, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.