გლობალური ფინანსური ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი აცხადებს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზრდის ზეწოლას დაბალშემოსავლიან განვითარებად ქვეყნებზე, რადგან საგარეო ვალზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები განვითარებად ქვეყნებს საკრედიტო საფრთხეს უქმნის.
CNBC წერს, რომ განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო ვალის ტვირთი ბოლო წლებში გამწვავდა გლობალური კრიზისების გამო, რუსეთის შეჭრა უკრაინაში კოვიდ-19-ის პანდემიის კვალდაკვალ დაიწყო და ეს მძიმე აღმოჩნდა მათთვის.
მსხვილმა ცენტრალურმა ბანკებმა მთელს მსოფლიოში გასული წლის განმავლობაში აგრესიულად გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა, რათა შეეკავებინათ მზარდი ინფლაცია. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიერ დარიცხული ვალების დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოდის, თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ მათი დაფარვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ბოლო წლებში დააწესეს შემსუბუქების უამრავი ღონისძიება, მათ შორის ვალის მდგრადობის ჩარჩო, რომელიც შექმნილია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სესხების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საჯარო ფინანსებში.
„უნდა ავღელდეთ. მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა სუსტია, რაც, თავისთავად, პრობლემებს აჩენს, მაგრამ ამასთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან დიდი მოცულობით კაპიტალი გადის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის - ამგვარად, განვითარებადი სახელმწიფოები საფრთხის წინაშე დგანან”, — აღნიშნა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, აქსელ ვან ტროტსენბურგმა და დასძინა, რომ საფინანსო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.