შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიუხედავად რამდენიმე რთული და გადაუჭრელი საკითხისა, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები კარგ ტემპში მიმდინარეობს და მხარეები უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელმაც შესაძლოა, ომი დაასრულოს.

„მე არ მიყვარს პროცენტებით საუბარი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე. ჩვენ შეიძლება, ძალიან ახლოს ვართ. არის ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი, ძალიან მძიმე საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

დონალდ ტრამპის თქმით, მიღწეული წინსვლა მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის.

„ჩვენ დღეს დიდი წინსვლა გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ბოლო თვის განმავლობაში მოხდა. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შესახებ.

„ეს არ არის შეთანხმებული, მაგრამ ჩვენ ვუახლოვდებით შეთანხმებას ამ საკითხზე. უდავოდ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყდება“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge