მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს, მისი ქონება გასულ თვესთან შედარებით თებერვალში საგრძნობლად შემცირდა. მასკის ქონების მნიშვნელოვანი შემცირება 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე Tesla-ს აქციების მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია.
მილიარდერის როლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გარკვეული კითხვებს აჩენს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ელექტრომობილების მწარმოებლისთვის. ეს ყველაფერი, მასკის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობასთან ერთად, ცხადია, მომხმარებლებისა და ინვესტორების განწყობაზე აისახება.
სამშაბათს საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულება 6.3%-ით შემცირდა და $328,50 შეადგინა. ეს 15 ნოემბრის შემდეგ Tesla-ს აქციების ყველაზე დაბალი ფასია. ვარდნის კატალიზატორი ავტონომიური მართვის სისტემებში მისი ჩინური EV-კონკურენტის, BYD-ის წინსვლა და Oppenheimer-ის ანალიტიკოსების გაფრთხილება გახდა, რომლის თანახმად, მასკის „პოლიტიკური აქტივობა მომხმარებელთა რეაქციის კუთხით რისკებს წარმოშობს“.
ამას წინ უსწრებდა Stifel-ის ანალიტიკოსების განცხადება, რომელთა მოსაზრებით, ილონ მასკის შესახებ მომხმარებელთა აღქმის ნეგატიურმა ვარდნამ შეიძლება Tesla-ს გაყიდვების შემცირება გამოიწვიოს. ამან ორშაბათის სავაჭრო დღეზე იმოქმედა, როდესაც Tesla-ს აქციების ფასი 3%-ით შემცირდა.
თებერვალში Tesla-ს აქციების ღირებულება მთლიანობაში 18.8%-ით შემცირდა, ეს თითო აქციაზე $76-იანი ვარდნაა. შედარებისთვის, 17 დეკემბერს აქციების ფასის 479,86$-ზე დახურვის შემდეგ, ღირებულება 32%-ით არის შემცირებული.
Tesla-ს აქციების გაუფასურება ყველაზე მეტად მის უმსხვილეს აქციონერს, ილონ მასკს შეეხო. ცნობისთვის, იგი კომპანიის თითქმის 13%-ს ფლობს, დამატებით 9% კი იურიდიული განხილვის ქვეშაა. ამიტომ Forbes-ი, ქონების დაანგარიშების დროს, ამ 9%-ს 50%-ით ამცირებს, დავის სამართლებრივ გადაწყვეტამდე.
სამშაბათს, აქციების გაუფასურების შემდეგ, Forbes-მა ილონ მასკის ქონება $378.8 მილიარდად შეაფასა, რაც იანვრის ბოლოსთან ($421.6 მილიარდი) შედარებით 42.8 მილიარდი დოლარით ნაკლებია. თუმცა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მასკი ლიდერობას ინარჩუნებს და მეორე ადგილზე მყოფ მარკ ცუკერბერგს დაახლოებით 130 მილიარდი დოლარით უსწრებს. ბოლო შეფასებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის წმინდა ქონება $248.4 მილიარდს შეადგენს.