ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ილონ მასკსა და მის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) სახაზინო დეპარტამენტის გადახდის სისტემებთან და სენსიტიურ მონაცემებთან წვდომა დროებით შეუზღუდა.
ნიუ-იორკის მოსამართლე პოლ ენგელმაიერმა შესაბამისი ბრძანება 19 შტატის დემოკრატი გენერალური პროკურორის სასწრაფო მიმართვის საფუძველზე გამოსცა. მიმართვაში პროკურორებმა ხაზი გაუსვეს საფრთხეს, რომელსაც მასკის დეპარტამენტის მიერ სახაზინო დეპარტამენტის გადახდის სისტემებზე, შესაბამისად, მილიონი ამერიკელის პერსონალურ ინფორმაციასა და მთავრობის ფინანსურ ტრანზაქციებზე სრული კონტროლის მოპოვება ქმნის. მათი თქმით, ეს რისკის ქვეშ დააყენებდა აშშ-ს მრავალ მოქალაქეს.
მოსამართლის განცხადებით, იგი ეთანხმება შტატების შეფასებას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეფორმაში მოულოდნელმა ცვლილებამ შექმნა სენსიტიური მონაცემების გამჟღავნებისა და სისტემაზე ჰაკერული თავდასხმების რისკი. მან ასევე დაამატა, რომ შტატები, დიდი ალბათობით, აჩვენებენ, რომ DOGE-ისთვის სახაზინო დეპარტამენტის სისტემებსა თუ მონაცემებზე წვდომის მიცემა იურიდიულად უმართებულოა.
ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, მასკის გუნდის რამდენიმე წევრს, რომლებიც, მასკის მსგავსად, მთავრობის სპეციალურ თანამშრომლის სტატუსით მუშაობენ, აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა უკვე შეზღუდული ჰქონდათ. თუმცა ენგელმაიერის ბრძანებამ, სულ მცირე, 14 თებერვლამდე წვდომა დაუბლოკა მასკთან დაახლოებულ სხვა მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა "სპეციალურ თანამშრომლებსაც".
მოსამართლემ აღნიშნულ სისტემებსა და მონაცემებზე წვდომის უფლება დაუტოვა მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ეს საქმიანობისთვის ესაჭიროებათ და "გავლილი აქვთ ფონური და უსაფრთხოების შემოწმება და ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგები", რომლებიც კანონითა და რეგულაციებითაა გათვალისწინებული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ილონ მასკს წვდომა ჰქონდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის გადახდების სისტემასთან, რომელიც სხვადასხვა ტიპის თანხებს ფედერალური მთავრობის სახელით გასცემს, მათ შორის, გრანტებს, სუბსიდიებს, პენსიებს, ხელფასებს და სხვა. აღნიშნულის გამო ფედერალურმა პროფკავშირებმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლეს.
"ილონს არ და ვერ გააკეთებს რაიმეს ჩვენი თანხმობის გარეშე. როცა საჭირო იქნება, მას მივცემთ თანხმობას, როცა არა - არ მივცემთ". - ამბობდა ტრამპი საკითხზე საუბრისას.
წყარო: ტაბულა