მაკრონი უკრაინას თავისი ტერიტორიის მიმართ „რეალისტური“ მოლოდინების შექმნისკენ მოუწოდებს

ორშაბათს, 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინას მოუწოდა, „რეალისტური“ მოლოდინები შეიქმნას თავისი ტერიტორიის მიმართ, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება, კონფლიქტის „სწრაფად და მარტივად გადაწყვეტის“ გზა კი დღემდე არ ჩანს. საფრანგეთის მომავალი წლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულების წარდგენისას, მაკრონმა სოციალური მედიაპლატფორმა X-ის მფლობელს, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეს, მილიარდერ ელონ მასკსაც შეუტია და ის „ახალი საერთაშორისო რეაქციული მოძრაობის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, ამჟამად მისი ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი უკავია. „უკრაინის საკითხში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს“, - აღნიშნა მაკრონმა ელისეის სასახლეში შეკრებილ საფრანგეთის ელჩებთან საუბრისას.

მაკრონის თქმით, უკრაინელებს „ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები“ სჭირდებათ. ეს არის კიევისადმი პირველი ღია მოწოდება, რომ ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა განიხილოს. როგორც ცნობილია, ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში მიმდინარე თითქმის სამწლიან ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადების შეთავაზების გარეშე სწრაფად დაასრულებს. ამიტომ, 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე ორივე მხარე ბრძოლის ველზე უფრო ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას ცდილობს. „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაგვეხმაროს სიტუაციის შეცვლაში და დაარწმუნოს რუსეთი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„ევროპას მოუწევს, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ შეერთებულ შტატებს არანაირი სარგებელი არ ექნება იმისგან, თუ უკრაინა დამარცხდება“, - განაცხადა მაკრონმა. იგი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დასავლეთის ქვეყნებისადმი ნდობას „ძირი გამოეთხრება“, თუ ისინი, „დაღლილობის“ გამო, უკრაინის საკითხში კომპრომისზე წავლენ. „უკრაინის ჩაბარება არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ტრამპმა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ გაწეულ დახმარებას „უსარგებლო“ უწოდა. მისი თანაშემწეების აზრით კი, ამერიკული დახმარება იმისთვის უნდა იყოს გამოყენებელი, რომ რუსეთი ტერიტორიულ დათმობებზე დაითანხმონ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ კვირას, 5 დეკემბერს ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ოპტიმიზმი გამოხატა და თქვა, რომ ტრამპს შეუძლია აიძულოს რუსეთი, ომის დამთავრებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

არანაირი „მიამიტობა“ სირიასთან მიმართებაში

ეს ვიზიტი ბერბოკისთვის ხელის ჩამორთმევაზე სირიის ახალი ლიდერის უარმა დაჩრდილა. თუმცა, მაკრონი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისთვის მთავარ სტრატეგიულ გამოწვევას მაინც ირანი წარმოადგენს, რასაც მისი ბირთვული პროგრამის დაჩქარება და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა განაპირობებს. მაკრონის განცხადებით, ეს საკითხი ტრამპის ადმინისტრაციასთან განხილვის მთავარი თემა იქნება. მისივე თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის დაჩქარება, რომელიც ბირთვული ბომბის შექმნას ემსახურება, „წითელ ხაზებთან გვაახლოვებს“.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მასკი კი,რომელმაც ტრამპთან სიახლოვის გამო უპრეცედენტო გავლენა მოიპოვა, მაკრონმა გერმანიის ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ჩარევაზე დაადანაშაულა, რომელიც 23 თებერვალს ტარდება. „ათი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ საერთაშორისო რეაქციულ მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის გერმანიაში“, - განცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ტრამპმა „იცის, საფრანგეთში ძლიერი მოკავშირე რომ ჰყავს“.

წყარო: 1tv.ge