„შეერთებული შტატების მიერ ელვისებური სისწრაფით განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს, შესაძლოა რუსეთ-ჩინეთისთვის სტრატეგიული საჩუქარი იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო მიმომხილველი ადრიან ბლომფელდი The Telegraph-ის მიმოხილვაში წერს.
მისი შეფასებით, მოსკოვმა და პეკინმა, სავარაუდოდ ლათინურ ამერიკაში მთავარი მოკავშირე დაკარგეს, მაგრამ პოტენციურად გლობალურად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოიპოვეს.
ერთი მხრივ, ტრამპმა გლობალურ ასპარეზზე ძალის გამოყენების გადაწყვეტილება აჩვენა. მეორე მხრივ, ეს ლათინურ ამერიკაში მოხდა, რომელსაც ტრამპი აშკარად ამერიკული გავლენის ზონას უწოდებს.
როგორც „ტელეგრაფის“ მიმომხილველი აღნიშნავს, ამ კონტექსტში, მოსკოვმა და პეკინმა, შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე თავშეკავების ნაცვლად თავი გაბედულად იგრძნონ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ჩინეთი, სავარაუდოდ, დაკარგავენ წვდომას ვენესუელაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის რეზერვებზე, მათთვის კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნება კარები ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში, სადაც აშშ-ის ქმედებები უკიდურესად ნეგატიურად იქნა შეფასებული.
„სამხრეთ ამერიკაში აღშფოთება და განვითარებად ქვეყნებში ბრაზი, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ იქცეს“, - წერს მიმომხილველი.