ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს.

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.

გასულ კვირას აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში ერთდროულად გაჩენილი ექვსი ხანძრის შედეგად ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუპული. დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, კიდევ 16 პირი. ადგილობრივი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ, სამძებრო სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

1tv.ge