საკალათბურთო კლუბ ლოს-ანჯელეს ლეიკერსს (Los Angeles Lakers) 12.5 მილიარდ დოლარად ვენჩურულ ინვესტორს ჯოშუა კუშნერს და Disney-ის ყოფილ აღმასრულებელი დირექტორს ბობ აიგერს მიჰყიდიან – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Lakers–ის 12.5 მილიარდ დოლარად გაყიდვა მეოთხედზე მეტით გადააჭარბებს კლუბის წინასწარ შეფასებას – 10 მილიარდ დოლარს და სპორტული ფრენჩაიზისთვის ახალი რეკორდი გახდება. შეთანხმება NBA-ს მმართველთა საბჭოს მიერ უნდა დამტკიცდეს. პროცესს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, ხოლო საბჭოს შემდეგი სხდომა მომავალ თვეში ნიუ-იორკში არის დაგეგმილი.
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელმაც ლიგის ჩემპიონის ტიტული 17-ჯერ მოიგო.
კუშნერი და იგერი თავდაპირველად ლას-ვეგასში NBA-ს გაფართოების პროცესში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ გადაწყვიტეს, ამჟამინდელი მფლობელისგან, მარკ უოლტერისგან, „ლეიკერსის“ შესყიდვის შეთავაზება გაეკეთებინათ. ვალტერმა ფრენჩაიზის საკონტროლო პაკეტი ბასების ოჯახისგან გასულ წელს დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც იმ დროისთვის სპორტული ფრენჩაიზისთვის რეკორდული შეფასება იყო. უოლტერი სხვა სპორტულ აქტივებს შეინარჩუნებს. მას წილები აქვს ლოს-ანჯელეს დოჯერსში, ლოს-ანჯელეს სპარკსში, ინგლისურ საფეხბურთო კლუბ ჩელსიში და პროფესიონალ ქალთა ჰოკეის ლიგაში. TWG Motorsports-ის მეშვეობით, მას ასევე ეკუთვნის რამდენიმე სარბოლო გუნდი, მათ შორის Cadillac Formula 1-ის გუნდი.
ჯოშუა კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმაა. 41 წლის კუშნერმა დააარსა და ხელმძღვანელობს ვენჩურული კაპიტალის ფირმა Thrive Capital და არის Oscar Health-ის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. მას ასევე აქვს Miami Heat–ის მინორიტარული წილი, რომლის გაყიდვაც „ლეიკერსთან“ გარიგების დასასრულებლად მოუწევს.
75 წლის აიგერმა Disney-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა წელს დატოვა, თანამდებობა, რომელსაც მეორედ იკავებდა. მისი მემკვიდრე გახდა ჯოშ დ’ამარო. 2024 წელს აიგერი და მისი მეუღლე, ვილოუ ბეი, აშშ-ის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბის, „ენჯელ სიტი FC“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელები გახდნენ.