გიორგი მამარდაშვილი მენეჯერ ლევან სეთურიძესთან ერთად ინგლისში გაემგზავრა და შესაძლოა, დღეს „ლივერპულმა“ საქართველოს ნაკრების მეკარე ოფიციალურად წარადგინოს.

„გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ოფიციალური პრეზენტაციისთვის გამოემგზავრა, რომელიც შესაძლოა, 3 ივლისს გაიმართოს,“ – წერს კლუბთან დაახლოებული ვებგვერდი This Is Anfield-ი.

სიახლეს გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო საკითხების ექსპერტი ფაბრიციო რომანო: „გიორგი მამარდაშვილი და მისი აგენტი ლევან სეთურიძე ლივერპულში გაემგზავრნენ. არნე სლოტის გუნდში მატებაა“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიიდან“ 2024 წელს შეიძინა. ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დატოვეს.

უახლოესი დღეები „ლივერპულისთვის“ დატვირთული იქნება – კლუბს არაერთი მოთამაშე დაემატება, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი წავა. ერთ-ერთი საინტერესო დეტალია, რომ შესაძლოა, „ლივერპულმა“ „ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი, ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი მალიკ ფოფანა დაიმატოს.

პირველი არხი