თურქეთში არჩევნების და მოსალოდნელი მეორე ტურის ფონზე ლირის კურსი 2-თვიან მინიმუმზეა.

ეროვნული ვალუტის კურსთან ერთად, იკლებს თურქული ბანკების აქციების ღირებულებაც - ქვეყანაში მთავარი საბანკო ინდექსი 8%-ითაა შემცირებული.

Reuters-ის თანახმად თურქეთში ერთი დოლარი 19.67 ლირა ღირს, რაც  ქვეყანაში მარტის მიწისძვრების დროს დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი გაუფასურებაა.

ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი - 44.97%.

არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.