ლიეტუვა გაღრმავებულ დემოგრაფიულ კრიზისს ებრძვის - 2024 წელს წელს, წინა ათ წელთან შედარებით, თითქმის 11 ათასით ნაკლები ბავშვი დაიბადა. ასეთი სურათი აშფოთებთ პოლიტიკოსებს, რომლებიც რეგიონების აღორძინების, მიგრაციული პოლიტიკის კორექტირების, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საოჯახო შეღავათების გაფართოების მოწოდებებით გამოდიან.

გასულ თვეში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე როკიშკისის რაიონში გარდაცვალების შემთხვევებმა ახალშობილთა რაოდენობას ხუთჯერ გადააჭარბა. ექვსი წყვილი დაქორწინდა, თუმცა ამდენივე განქორწინდა – ეს ციფრები, ადგილობრივების თქმით, ძლიერ სოციალურ და ეკონომიკურ წნეხს კარგად წარმოაჩენს.

„ხელფასები დაბალია – ეს არის მთავარი პრობლემა. იცით, ბავშვის გაზრდა რა ჯდება?“ – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. მეორე კი აღნიშნავს, რომ „მთელი ახალგაზრდობა ქალაქებში მიდის და აქ მხოლოდ ბებია-ბაბუები რჩებიან“.

ეს ტენდენცია მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. ათი წლის წინ ლიეტუვაში, ყოველწლიურად, 30 ათასზე ოდნავ მეტი ბავშვი იბადებოდა, მაგრამ გასულ წელს თითქმის 11 000-ით ნაკლები ახლშობილი მოევლინა ქვეყანას.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის ერთი მეხუთედით შემცირდა. ორგანიზაცია „Auginu Lietuvą“-ს („ვზრდი ლიეტუვას“) ინფორმაციით, ლიეტუველების ნახევარზე მეტი დემოგრაფიულ ვითარებას უარყოფითად აფასებს.

„ოჯახებს ურჩევიათ, არ ჰყავდეთ შვილები, რადგან თავს ფინანსურად დაუცველად გრძნობენ. მათ მეტი თავისუფლება, მეტი მოგზაურობა და საკუთარი თავისთვის მეტი დრო სურთ. მათ აშინებთ ცვლილებები, რომელიც ოჯახის შექმნას მოაქვს“, - ამბობს „Auginu Lietuvą“-ს დამფუძნებელია, ასტა რაძევიჩიენე. მისივე განცხადებით, რესპონდენტთა 10%-მა უშვილოდ დარჩენის მიზეზად ომის შიში დაასახელა.

ვილნიუსის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დაუმანტას სტუმბრისმა განმარტა, რომ ლიეტუვას მოსახლეობის ბუნებრივი კლება ყოველწლიურად ამჟამად დაახლოებით 20 ათას ადამიანს შეადგენს, რასაც მხოლოდ დადებითი მიგრაციული ნაკადები აბალანსებს.

შობადობა ყველაზე დაბალია სოფლად, სადაც ნაკლები ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს. ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტი, აუდრიუს კლიშონისი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტად რეგიონული უკუსვლის შეჩერება უნდა იქცეს.

„ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს რეგიონებში კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ამისთვის კი საჭიროა დიდი ქალაქებიდან წარმოების აქ გადმოტანა“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის მინისტრი, მარია იაკუბაუსკიენე არ მალავს, რომ ნეგატიური შედეგები უკვე თვალშისაცემია, განსაკუთრებით - მუშახელის კუთხით. „სწრაფი დაბერება მთელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სექტორში იგრძნობა. ექთნების დაახლოებით ნახევარი უკვე 55 წელს გადაცილებულია“, - აღნიშნა მან.

იაკუბაუსკიენეს თქმით, მთავრობა დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე მუშაობს. სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრმა, იურატე ზაილსკიენემ კი განაცხადა, რომ ბავშვის მოვლის კომპენსაციის მომღებთა წრე გაფართოვდება და იმ ოჯახებსაც შეეხება, რომელშიც ერთი მშობელი მუშაობს, ხოლო მეორე სტუდენტია, ან პროფესიულ მომზადებას, რეზიდენტურას ან სადოქტორო კურსს გადის.

რაძევიჩიენემ ლიეტუვის მთავრობის წევრებს დღენაკლული ჩვილების მეტი მხარდაჭერისა და ნეონატალური მოვლის ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერვისების ხელმისაწვდომობა იმ მცირემოსახლეობიან რეგიონებში, სადაც საავადმყოფოები იხურება.

დემოგრაფიული კრიზისი მხოლოდ ლიეტუვას არ ეხება. ევროსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირის მასშტაბით შობადობა თითქმის 5.5%-ით შემცირდა.

წყარო: 1 არხი