კრემლმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ეს ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც საჯარო სივრციდან დიპლომატის დიდი ხნით გაუჩინარებამ კითხვები წარმოშვა.
ლავროვის მომავლის შესახებ სპეკულაციები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაჩნდა, რასაც პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დაგეგმილი სამიტის გაუქმება მოჰყვა.
ლავროვი არ ესწრებოდა გასულ კვირას რუსეთის ლიდერის მაღალი დონის სატელევიზიო შეხვედრას, რომელიც პუტინმა მაღალჩინოსნებთან ბირთვული ტესტირების საკითხზე გამართა. ის ასევე არ დასახელდა რუსეთის წარმომადგენლად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე, რომელიც ამ თვის ბოლოს უნდა გაიმართოს. არადა, როგორც წესი, ამ ფორუმზე ის პუტინს ცვლის ხოლმე.
„ყველა ეს ცნობა აბსოლუტურად მცდარია“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პუტინსა და ლავროვს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მან დაადასტურა, რომ ლავროვი მუშაობას აგრძელებს.
„როდესაც შესაბამისი საჯარო ღონისძიებები გაიმართება, თქვენ მას იხილავთ“, - დასძინა პესკოვმა.
რუსეთის პოლიტიკაში გავლენიანი მოთამაშე, 75 წლის ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 21 წელია იმყოფება და პუტინის კაბინეტში შემავალი ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე მაღალჩინოსანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტის თანახმად, ის ბოლოს საჯაროდ პირდაპირ ეთერში 28 ოქტომბერს გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ მასთან ჩაწერილი ვიდეო ინტერვიუები გამოქვეყნდა.
ოქტომბერში ტრამპმა უკრაინის ომის დასრულების საკითხზე პუტინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა და მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი კონფლიქტის დასრულებაზე სერიოზულად არ ფიქრობს.
თავისი სარდონიული იუმორითა და ზოგჯერ უხეში კომენტარებით ცნობილი ლავროვი, აგვისტოში ტრამპთან გამართულ სამიტზე პუტინს ალასკაზე ახლდა, სადაც მედიასთან ინტერვიუების დროს მას „СССР“ („სსრკ“) წარწერიანი მაისური ეცვა.
წყარო: 1 არხი