ხუთშაბათს, 16 იანვარს, ლატვიის პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ უარყო ოპოზიციური პარტია „ლატვია უპირველესად“-ის წინადადება კონსტიტუციის შესავალში შესწორების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

შეთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში დებულების შეტანას, რომლის თანახმად, „სახელმწიფო აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი, და არ წაახალისებს ან მხარს არ უჭერს ხელოვნურად შექმნილი სქესების დაკანონებას“.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში ტერმინი „სქესი“ გამოყენებულია ტერმინ „გენდერის“ სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება.

პარტია „ლატვია უპირველესად“-ის ლიდერის, აინარ შლესერსის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში უკვე აღნიშნულია, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, „აღმოჩნდა, რომ ქორწინება ერთია, ოჯახი კი - სულ სხვა“.

ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს, რომ არსებობს ორი სქესი და „ყველას მივცეთ საშუალება, თავი ისე იგრძნოს, როგორც უნდა, და არავის საქმე არ არის, რა ხდება გასახდელებსა და ტუალეტებში“. შლესერსის განცხადებით, „მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ არსებობს 2 სქესი და არა 150“.

კოალიცია „ახალი ერთობის" წევრმა, აგნესე კრასტამ დეპუტატებს მოუწოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი საარჩევნო კამპანიაში არ გამოიყენონ და საზოგადოება წარმოსახვითი პრობლემებით არ შეაშინონ.

შლესერსის პარტიის ინიციატივის საპარლამენტო კომიტეტებისთვის გადაცემას მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 43, ერთმა თავი შეიკავა. ამიტომ, „ლატვია უპირველესად“-ის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

წყარო: 1 არხი