ლატვიის პარლამენტის მიერ ხუთშაბათს, 12 ივნისს, მესამე მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, რუსეთსა და ბელარუსში გამგზავრება აეკრძალებათ პარლამენტის წევრებს, ეროვნული შეიარაღებული ძალების პერსონალს, რიგ ოფიციალურ პირებს და ლატვიის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე სპეციალური წვდომა აქვთ მინიჭებული.
კანონს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 14-მა მისცა ხმა. კანონის მიღების მოწინააღმდეგათა შორის იყვნენ „სტაბილურობისთვის!“ და „ლატვია უპირველეს ყოვლისა“-ს წარმომადგენელი დეპუტატები.
კანონის საფუძველზე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ან შემცირდეს იმის რისკი, რომ რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე ლატვიის მოქალაქეებთან დამყარდეს და შენარჩუნდეს კონტაქტები, რომელთა მიზანია: ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება; ლატვიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო თანამშრომლობაში ლატვიის მოქალაქეების ჩართვა.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურობა აეკრძალებათ შემდეგ პირებს: პარლამენტის წევრებსა და მის თანამშრომლებს, ასევე პირებს, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე სპეციალური დაშვება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული დაწესებულებების, სამხედრო ობიექტების, აგრეთვე კორუფციის პრევენციისა და აღკვეთის ბიუროს, საგადასახადო და საბაჟო პოლიციის თანამშრომლებს, ეროვნული შეიარაღებული ძალების პერსონალს, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საბაჟო მოხელეებს.
აკრძალვა ასევე ვრცელდება დიპლომატიურ ან საკონსულო სამსახურში დასაქმებულ პირებზე, სასამართლო და საპროკურორო ორგანოების თანამშრომლებზე.
კანონი ითვალისწინებს, რომ ამ პირებს შეუძლიათ აგრესორ ქვეყნებში გამგზავრება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებში ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო, როგორიცაა ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრება.
აკრძალვა ასევე ნიშნავს, რომ ამ თანამდებობის პირებს არ შეუძლიათ რუსეთსა და ბელარუსზე გავლით სხვა ქვეყანაში გამგზავრება. კანონით გათვალისწინებული შეღუდვა არ ეხება ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეზე გადაფრენას.
თუ თანამდებობის პირი კანონით გათვალისწინებულ აკრძალვას დაარღვევს, ეს შეიძლება გახდეს სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურთა რიცხვი კვლავ სტაბილურია, მაშინ როცა ლატვიის შესაძლებლობა, დაეხმაროს რუსეთსა და ბელარუსში გასაჭირში მყოფ ლატვიის მოქალაქეებს, ძალიან შეზღუდულია.
1არხი