კორუფციასთან ბრძოლის და პრევენციის ბიუროს (KNAB) ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა და გაერთიანებებმა, ბოლო ადგილობრივი არჩევნების წინ, სულ 2,110,364 ევრო დახარჯეს.

საინტერესოა, რომ განსაკითრებით პოპულარული იყო ისეთი ძველმოდური სააგიტაციო კამპანია, როგორიცაა პლაკატები და რადიო-რეკლამები.

წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, თითოეულ პოლიტიკურ ძალას დაუწესდა ფინანსური ლიმიტი, თუ რამდენის დახარჯვა შეეძლო პოლიტიკურ რეკლამებში, ელექტრონულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ურბანულ ტერიტორიებზე, ასევე ქველმოქმედებისთვის, სპონსორობისა და სხვა აქტივობებისთვის.

ხარჯების ლიმიტები არ მოიცავდა სარეკლამო პროდუქციის დამზადების ან სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის ხარჯებს.

პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც მთელი ლატვიის მასშტაბით იყრიდნენ კენჭს, უფლება ჰქონდათ, მაქსიმუმ, 869,640 ევრო დაეხარჯათ. პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილეობდნენ, ხარჯების მაქსიმალური დასაშვები თანხა დამოკიდებული იყო შესაბამის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე და 4,020 ევროდან 259,864 ევრომდე მერყეობდა.

KNAB-ის ინფორმაციით, დაწესებული მაქსიმალური ზღვრისთვისის არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გადაუჭარბებია. მეტიც: ლიმიტს არცერთი მათგანი, ფაქტობრივად, არც კი მიახლოვებია.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველაზე მეტი თანხა დახარჯა პარტიამ „ლატვია უპირველეს ყოვლისა“ (332,953 ევრო), შემდეგ მოდის „ახალი ერთობა“ (262,605 ევრო), ლატვიის „მწვანეთა პარტია“ (217,623 ევრო), „მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“ (155,862 ევრო), „გაერთიანებული სია“ (United List) (149,449 ევრო), „ლატვიის განვითარებისთვის“ (144,785 ევრო), „სტაბილურობისთვის!“ (135,550 ევრო), „პროგრესისტები“ (113,143 ევრო), „პლატფორმა 21“ (110,910 ევრო) და „ეროვნული ალიანსი“ (106,765 ევრო). სხვა პარტიებმა, საერთო ჯამში, 100 ათას ევროზე ნაკლები დახარჯეს.

ამავდროულად, KNAB-ი შეახსენებს პოლიტიკურ ძალებს, რომ 45-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომლებმაც ბოლო ადგილობრივი არჩევნებისთვის კანდიდატთა სიები წარადგინეს, ბიუროს 7 ივლისამდე სრული საარჩევნო შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარაციებიც უნდა წარუდგინონ.

პოლიტიკური ორგანიზაციების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ინფორმაცია კორუფციასთან ბრძოლის და პრევენციის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

წყარო: 1არხი