კვიპროსის სანაპიროსთან მდებარე წყალქვეშა საბადოდან ევროპელი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2028 წლის მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ კვიპროსის ენერგეტიკის მინისტრმა, მიხალის დამიანოსმა განაცხადა.
დამიანოსის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ, ევროპული ქვეყნები ენერგორესურსების ახალი მომწოდებლების მოძიების აუცილებლობის წინაშე დააყენა. შედეგად კი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ევროპისთვის ენერგორესურსების მნიშვნელოვან ალტერნატივად ყალიბდება.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციითვე, ფრანგულმა TotalEnergies-მა და იტალიურმა Eni-მ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე Cronos-ის ბუნებრივი აირის საბადოს განვითარებაზე საბოლოო გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი აირი ევროპულ ბაზარზე შევა.
TotalEnergies-Eni-ს კონსორციუმის გეგმით, Cronos-ის საბადოდან ეგვიპტეში მდებარე Zohr-ის გიგანტურ ბუნებრივი აირის საბადომდე მილსადენის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. სამუშაოებს დაახლოებით 18 თვე სჭირდება. საბადოები ერთმანეთისგან 105 კილომეტრითაა დაშორებული.
მილსადენის ამოქმედების შემდეგ, Cronos-იდან მოპოვებული ბუნებრივი აირი ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე Damietta-ს გადამმუშავებელ ქარხანაში გაიგზავნება. სწორედ აქ გადამუშავდება ის თხევად ბუნებრივ აირად (LNG) და ტანკერების საშუალებით ევროპული ბაზრისკენ გაიგზავნება.
წინასწარი შეფასებებით, Cronos-იდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ეგვიპტეში მილსადენით გატანა დაახლოებით $2 მილიარდი დაჯდება — ეს დაახლოებით ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში სხვა საბადოების დამოუკიდებლად განვითარების ხარჯი იქნებოდა.
ცნობისთვის, Cronos-ის საბადოში 3 ტრილიონ კუბურ ფუტზე მეტი ბუნებრივი აირია. შეთანხმების პირობებით, მის ძირითად ნაწილს ევროპა მიიღებს, თუმცა მოპოვებული რესურსის დაახლოებით მეხუთედი ეგვიპტის შიდა ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებას უნდა მოხმარდეს.