ავსტრიაში სანქციების გვერდის ავლის სქემა გამოავლინეს, რომლითაც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მომარაგება ხდებოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვენაში დაფუძნებული კომპანია ევროკავშირის სანქციების დარღვევით, რუსეთს რაკეტებისა და ავიაგამანადგურებლების ძრავების დასამზადებლად აღჭურვილობას აწვდიდა.
უწყების ცნობით, კომპანიის 28 წლის ბელარუსი ხელმძღვანელი მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. ასევე, სამინისტროს თქმით, კომპანია მომხმარებლების სერტიფიკატებს აყალბებდა სპეციალური ხელსაწყოების მისაწოდებლად.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ კომპანია მიწოდებას თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ-კონგში, ბელარუსში, ყირგიზეთში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში დაფუძნებული ყალბი კომპანიების ქსელის მეშვეობით ახორციელებდა.
ავსტრიის შსს-ს განცხადებით, აღჭურვილობა რუსეთის სახელმწიფო ინდუსტრიულ კონგლომერატ „როსტეკთან“ დაკავშირებულ კომპანიებს მიეწოდებოდა.