შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მისი ნებისმიერი შემადგენელი კვანძის გამართულ და სრული დატვირთვით ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს ყაზახეთში განლაგებული კურიკის ნავსადგური წარმოადგენს - ამის შესახებ ანალიტიკას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ აქვეყნებს.
ამჟამად კურიკის ნავსადგური თავისი საპროექტო სიმძლავრის 30%-ის დატვირთვით მუშაობს – წელიწადში საშუალოდ 2 მლნ ტონა ტვირთს ამუშავებს. შედეგად, ნავსადგურისთვის ტვირთნაკადების ზრდის უზარმაზარი რეზერვი არსებობს.
ახალი ტვირთნაკადების მოსაზიდად და ნავსადგურის დარჩენილი 70% სიმძლავრის ასათვისებლად, სადღეისოდ აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების შიდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში განთავსება.
კურიკის ნავსადგურში ახლახან წარმატებით განხორციელდა (№1 და №2) ამწევი გადასასვლელი ხიდების რეკონსტრუქცია – მოდერნიზაცია.
კურიკის ნავსადგური თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც უნიკალური საბორნე ნავსადგური, რომელსაც შეეძლო ერთდროულად მიეღო და მომსახურებოდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ბორნებს.

კურიკის ნავსადგურის საბორნე კომპლექსი ნავსადგურის ძირითად ფუნქციონალურ ინფრასტრუქტურულ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკური ოპერაციების სისწრაფეს, სწორედ საბორნე ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული სარკინიგზო ვაგონების და სატვირთო ავტოტრანსპორტის დაჩქარებული მიწოდება – გამოტანა.
კურიკის ნავსადგურში ამწევი გადასავლელი ხიდების მოდერნიზაციის შედეგად, სარკინიგზო ბორნების დამუშავების დროის 18 დან 12 საათამდე, ხოლო საავტომობილო ბორნების – 10 დან 6 საათამდე შემცირება, მათ შორის, ბორნებზე ვაგონების ტევადობის 40 დან 48 ერთეულამდე გაზრდამ, შესაძლებელი გახადა კასპიის ზღვაზე ბორნების ბრუნვის დაჩქარების სინქრონულად, ტრანსპორტირების საიმედოობის ამაღლება და კასპიის მარშრუტის მონაკვეთზე ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდა.

ახალი ტექნოლოგიის დანერგვამ და კურიკის ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაზრდამ შეამცირა სატრანზიტო დრო, მოახდინა ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია, ერთობლიობაში კი გააუმჯობესა შუა დერეფნის კონკურენტული პოზიცია საერთაშორისო გადაზიდვების ალტერნატიულ მარშრუტებთან შედარებით.
ნავსადგურის არსებული ჯამური საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 6 მლნ ტონა ტვირთის გატარების შესაძლებლობაა. აქედან 4.1 მლნ ტონა რკინიგზის მომსახურების ნავმისადგომებზე მოდის, ხოლო 1.9 მლნ ტონა – საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებად ნავმისადგომებზე მუშავდება.

2025 წელს კურიკის ნავსადგურში დამუშავებული ტვირთის საერთო მოცულობამ 1.95 მლნ ტონა შეადგინა. ტრანსპორტის ძირითადი სახეობების მიხედვით – რკინიგზით 1.06 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. საავტომობილო ტრანსპორტით – 0.66 მლნ ტონა (25 544 ერთეული სატვირთო ავტომობილი). მარცვლეულის ტერმინალის გავლით 246,4 ათასი ტონა ტვირთი იქნა გატანილი.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ექვს თვეში კურიკის ნავსადგურმა 885.8 ათასი ტონა ტვირთი გაატარა. მათ შორის, სარკინიგზო მარშრუტით 475.5 ათასი ტონა, საავტომობილო ტრანსპორტით – 306.2 ათასი ტონა ტვირთი, ნავსადგურის მარცვლეულის ტერმინალის გავლით 104.1 ათასი ტონა გადაიტვირთა.
კურიკის ნავსადგურის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში ყაზახეთი 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე თანამედროვე გადასატვირთი-ლოგისტიკური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტით გათვალისწინებულია შვიდი ახალი ნავმისადგომის, საწყობების, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და სარკინიგზო თუ საავტომობილო მისასვლელი გზების მშენებლობა, ასევე – ტვირთნაკადების მართვის ციფრული სისტემების დანერგვა.
ნავსადგურში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით იგეგმება ტერმინალის მართვის თანამედროვე ინტეგრირებული სისტემის Terminal Operating System (TOS) დანერგვა, რაც უზრუნველყოფს ნავსადგურში ბიზნესპროცესების სრულ ავტომატიზაციას ერთად, რეალურ დროში ტვირთების გადაადგილების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას.
ტვირთების სახეობების თვალსაზრისით – ნავსადგური მრავალპროფილიანია, ხორციელდება ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მინერალური სასუქების, ლითონის ნაწარმის, ქიმიკატების, სამომხმარებლო საქონლის გადამუშავება-გადამუშავება.
ნავსადგურისათვის გამორჩეული და უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგროსამრეწველო სექტორი. ნავსადგურის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ აშენდა და წარმატებით ფუნქციონირებს მარცვლეულის თანამედროვე ტერმინალი, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში ერთი მლნ ტონაა და ასევე მესამედითად არ არის დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის გადაზიდვების მთლიანი მოცულობა ირანის ნავსადგურებისკენ არის მიმართული, რაც კურიკს ყაზახეთის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანეს ჰაბად აქცევს.
ნებისმიერ ამინდში ნავსადგურის საიმედო და, რაც მთავარია, შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავარაუდევია თანამედროვე, ყინულის კლასის ბუქსირის შეძენა, რაც ზამთრის პერიოდში ნებისმიერ ნავმისადგომთან მიდგომას უზრუნველყოფს.
კასპიის რეგიონში სტრატეგიული მასშტაბის პროექტის, ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის განხორციელება იგეგმება. აღნიშნულ გლობალურ ინიციატივაში კურიკის ნავსადგურს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
პროექტის არსი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ერთიანი „უნაკერო“ სარკინიგზო-საბორნე პლატფორმის შექმნაში მდგომარეობს. პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზებული ტერმინალების მშენებლობას, როგორც კურიკის, ისე ბაქოს (ალიათის) ნავსადგურებში და საბორნე ფლოტის მასშტაბურ განახლებას, რაც ახალი თაობის ექვსი ბორნის შეძენას გულისხმობს. თითოეულ საბორნე გემს ერთდროულად 120 ერთეული სარკინიგზო ვაგონის გადაზიდვა შეეძლება, რაც არსებულ სტანდარტებზე სამჯერ მეტი ტევადობის იქნება.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანი „უნაკერო“ სარკინიგზო-საბორნე პლატფორმა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის, კერძოდ, კასპიის ზღვა აღარ იქნება „შუა დერეფნის“ მთავარი შემაფერხებელი რგოლი, ტვირთნაკადების გადანაწილების სიმძიმე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გადაინაცვლებს.