ჟურნალისტური პროექტი Vsquare-ი, ევროპის უსაფრთხოების სამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუსეთის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტებს და რუსეთის სამხედრო დაზვერვას აპრილში დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა დაავალა.
ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ჩარევის მიზანი უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დარჩენაა.
VSquare-ის წყაროების ცნობით, ოპერაციას კოორდინაციას უწევს სერგეი კირიენკო, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა და აბარია კრემლის პოლიტიკური გავლენის სისტემა როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მანამდე კირიენკო ბირთვულ კორპორაცია „როსატომს“ ხელმძღვანელობდა.
VSquare-ის თანახმად, არჩევნებში ჩარევის გეგმა ბუდაპეშტში, რუსეთის საელჩოში, სოციალური მედიის მანიპულაციის, სულ მცირე, სამი ექსპერტის განთავსებას ითვალისწინებს.
Vsquare-ი იუწყება, რომ საფარის შესაქმნელად, ეს პირები სამსახურებრივ და დიპლომატიურ პასპორტებს მიიღებენ, რაც მათ გარკვეულ იმუნიტეტს მიანიჭებს.
წყარო: 1 არხი