"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
აქტის წარმდგენია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი „დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი.
„ამერიკის ხმის“ თანახმად, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.
მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.
მედიის თანახმად, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, "ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს". შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.
"ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განუცხადა, რომ “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით".
"ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი "ამერიკის ხმასთან".