წელს მსოფლიოში ხორბლის მთლიანი წარმოების პროგნოზირებული მოცულობა 2,785 მლრდ ტონას მიაღწევს, რაც შესაძლოა, ისტორიაში მეორე უდიდესი მოცულობა გახდეს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც Report ავრცელებს.

FAO განმარტავს, რომ აპრილში მნიშვნელოვანი ნალექის შედეგად ევროპის უმეტეს ქვეყნებში ნიადაგი ტენით გაჯერდა, რამაც მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლის პერსპექტივა გააუმჯობესა. ამის შედეგად FAO-მ ევროკავშირისთვის წარმოების პროგნოზი ოდნავ, 139,5 მილიონ ტონამდე გაზარდა. ამასთან, ნალექის ნაკლებობის გამო წარმოების პერსპექტივა გარკვეულწილად დაჩრდილულია ესპანეთსა და პორტუგალიაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში ნალექის თანაბარი განაწილების შედეგად კულტურების მდგომარეობა ზოგადად კარგია, სადაც ხორბლის წარმოება, დაახლოებით, 83 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს მოცულობა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე ნაკლებია.

2022-2023 სეზონურ წელს გლობალური მარცვლეულის წარმოების მიმდინარე პროგნოზი, FAO-ს მიერ წინა თვეში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, 7,7 მილიონი ტონით არის გაზრდილი. ამჟამინდელი პროგნოზით, გლობალური წარმოება 2, 785 მლრდ ტონას მიაღწევს, რაც გასული წლის მოცულობას ჯერ ისევ 1%-ით ჩამორჩება.

FAO წერს, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოს მთლიანი წარმოება 800 მილიონ ტონაზე მეტად გაიზარდა, რაც ყაზახეთის დიდმა მოსავალმა განაპირობა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ხორბლის წარმოება გაიზარდა და მოსავალი ადრე პროგნოზირებულზე მაღალი იყო.

bpn.ge