ესპანეთის კანარის კუნძულებზე მდებარე პოპულარული საკურორტო ქალაქი - მოგანი, 2025 წლიდან ტურისტულ გადასახადს აწესებს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
გადასახადი ყველა ტურისტისთვის დღეში 15 ცენტს შეადგენს. ეს როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ტურისტს შეეხება, იმის განურჩევლად, სასტუმროში დაბინავდება თუ ნაქირავებ აპარტამენტში.
ამასთა, გამოცემის ცნობით, სამომავლოდ გადასახადი შესაძლოა, დღეში 1.14 ევრომდე გაიზარდოს.
მერიაში აცხადებენ, რომ გადასახადიდან შესული თანხა საჯარო სივრცეების მოსავლელად დაიხარჯება, რაც ამჟამად მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მხრებზე გადადის. თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით პროექტებს მოხმარდება.
ქალაქ მოგანის მერია ხაზგასმით აცხადებს, რომ დაწესებული გადასახადი, ესპანეთის სხვა პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითად, ბარსელონაში ტურისტები ღამეში დამატებით 5-დან 7.50 ევრომდე, ბალეარის კუნძულებზე 1-დან 4 ევრომდე, ხოლო ვალენსიაში 0.50-დან 2 ევრომდე იხდიან. ასევე, ტურისტული გადასახადის დღეში 3 ევროს ოდენობით შემოღებას მალაგაც გეგმავს.
ცნობისთვის, კანარის კუნძულების სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2024 წელს კუნძულებს 375 828 ტურისტი სტუმრობდა.